ახალი ამბები

აქცია: “ბავშვები ჩვენს ქვეყანაში შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ” [ფოტო]

23 მარტი, 2014 • • 1118
აქცია: “ბავშვები ჩვენს ქვეყანაში  შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ” [ფოტო]

“დღეს გოგიტა აბაშიძე 2 წლის იქნებოდა”– ამ ტრანსპარანტით და ტორტით მივიდნენ აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროსთან. ტორტი მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ის უწყების დაცვას გადასცეს. 

 

“დღევანდელი აქცია არის საინფორმაციო ხასიათის, ის მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ყველას ერთად შევახსენოთ ის ფაქტი, რაც მოხდა ერთი წლის წინ, გარდაიცვალა გოგიტა აბაშიძე, იმის გამო, რომ  ვერ  მოხერხდა ამ ბავშვის  გადარჩენა. დღევანდელ დღეს ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ეკლესიამ და  სახელმწიფომ  უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა. ბავშვები ჩვენს ქვეყანაში შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ”.- განაცხადა ლაშა მესხმა, აქციის ორგანიზატორმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  2013 წლის 23 მარტს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა.  გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების მიზეზი შიმშილისგან გამოწვეული მასის დეფიციტი გახდა, რომლის ფონზე ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა  განვითარდა. გოგიტა აბაშიძე 4 კილოს და 200 გრამს იწონიდა დაბადებისას, ერთი წლის თავზე მას იგივე წონა ჰქონდა.


აბაშიძეების ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ისინი ვერ მოხვდნენ.  ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას აქციები მოჰყვა თბილისსა და ქუთაისში.  გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა  პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია. მან განაცხადა, რომ პატრიარქის ფონდი საქველმოქმედო აქციას გამართავდა შიმშილის წინააღმდეგ. 2013 წლის ივლსიში ლაშა ჟვანიამ  “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აქცია ჩატარდა, თუმცა იგი ვერ გამოდგა ისეთი მასშტაბური, როგორადაც იყო დაანონსებული. მისი თქმით, 2600 ლარი შეგროვდა, რაც აფხაზეთში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს გადაეცათ. 


გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 27%-ია, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ამას გარდა, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ასევე, საქართველოში დედათა სიკვდილიანობა ისევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში.


მასალების გადაბეჭდვის წესი