ახალი ამბები

დეპუტატების აზრით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი ბოლომდე უნდა გაირკვეს

31 მარტი, 2014 • • 1599
დეპუტატების აზრით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი ბოლომდე უნდა გაირკვეს

“დღევანდელ იუბილეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ კედლებში, სადაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაღლევებელი და ამავე დროს, ყველაზე ტრაგიკული და მძიმე მოვლენები. მასზე, როგორც მხოლოდ პირველ პრეზიდენტზე არ ვსაუბრობ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტები არაორდინარული ადამიანები ხდებიან და ასეთი იყო ზვიად გამსახურდიაც. სხვანაირად პირველი პრეზიდენტი  ვერ გახდება ქვეყანაში ვერავინ. სწორედ ასეთი იყო ბატონი ზვიადი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 


მთაწმინდის პანთეონში დღეს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა მოაწერეს ხელი განცხადებას, რომლითაც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს მიმართეს. 


თავად პარლამენტის თავმჯდომარეს საქმის გამოძიების საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების ბოლომდე მიყვანა აუცილებელია.

 

“მე რას ვფიქრობ ამ საკითხზე, ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს. პროკურატურა რას ფიქრობს, ეს არის მნიშვნელოვანი. არ ვიცი, საქმე რა ეტაპზეა მისული, ამიტომ, პირველ რიგში, მათთან არის გასარკვევი, თუ არის კიდევ რამე დარჩენილი. რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტის სიკვდილი არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ის ასეთ გარემოებებში კვდება. ამიტომ ეს უნდა იყოს ბოლომდე გარკვეული,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა დღეს, ზვიად გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ.


გამოძიების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გააკეთა.

 

“მნიშვნელოვანი დღეა დღეს, 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი შეიქმნა, ეს ფუნდამენტი იყო ქართველი ხალხის ხმა და მისი სურვილი, ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი. გამსახურდიას როლი, როგორც პრეზიდენტის და ერის ლიდერის, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. როგორც ჩან,ს დღეს გაცილებით უფრო მაღალი ნდობაა გამოძიების მიმართ. ამიტომ, რადგან არსებობს დამატებითი სურვილი, ეს კითხვები, რომელზედაც ოჯახს სურს, ჰქონდეს უფრო მკაფიო, მყარი პასუხები, ვფიქრობ, ხელისუფლება, მისი სტრუქტურები უნდა დაეხმაროს,”- აცხადებს ეკა ბესელია. 

 

“კითხვის ნიშნები მისი გარდაცვალების ფაქტთან არ უნდა არსებობდეს. ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. არ მგონია, რომ აქამდე არსებული კომისიის მიმართ დიდი ნდობა ყოფილიყო. ეს არის პროკურატურისა და სამართალდამცი ორგანოების სამუშაო საკითხი,”- აცხადებს მანანა კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი