ახალი ამბები

პროკურატურა: შევეცდებით დავარწმუნოთ ინტერპოლი, სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადონ

2 სექტემბერი, 2014 • • 4611
პროკურატურა:  შევეცდებით დავარწმუნოთ ინტერპოლი,  სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადონ

“პირველ სექტემბერს საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან პროკურატურაში შემოვიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიხეილ სააკაშვილი, მაშინ, როდესაც იგი ცდილობდა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას, კერძოდ, კუნძულ სამოსზე, იგი აყვანილი იქნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბერძნული მხარისთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა მიმართული ინტერპოლის გენერალური სამდივნოსადმი, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე მის მიმართ ითხოვდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. ბერძნულმა მხარემ ქართულ მხარეს მოთხოვა დაუყოვნებლივ ამის დადასტურება, ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი დასტურის გაგზავნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წითელი ცირკულარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფორმალურად არ იყო გამოცემული, ბერძენი კოლეგები იძულებული გახდნენ იგი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინათ პოლიციის განყოფილებისგან”,- განაცხადა მთავარი პროკურატურის  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

 

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ვერ დაუდგენს ვადას. რა ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება:

 

“თუ მათ დამატებით მოითხოვეს ინფორმაცია, ამასაც მივაწვდით და  შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები გენერალურ სამდივნოში ძებნის გამოცხადების მიზანშეწონილობის თაობაზე”.

 

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, საბერძნეთის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იახტა, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა, სასაზღვრო კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს და შემდეგ უკან დააბრუნეს. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ დღეს, 2 სექტემბერს ლევან ვარშალომიძეს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვთაც მას მიხეილ სააკაშვილთან ერთად საბერძნეთის კუნძულზე პრობლემები შეექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 30 აგვისტოს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად იმყოფება.

 

მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში 30 აგვისტოს განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, თუმცა ზუსტად როდის გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ექს-პრეზიდენტზე, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი