ახალი ამბები

რატომ განაახლა შსს-მ მოქალაქეების შემოწმება

6 სექტემბერი, 2014 • • 2150
რატომ განაახლა შსს-მ მოქალაქეების შემოწმება

“ფეისბუქ” მომხმარებელები წერენ, რომ პატრულის თანამშრომლება თავად ან  მათი ნაცნობები გააჩერეს, შეამოწმეს და ა.შ.

 

 
 
 

 
 
პოლიციის მიერ მოქალაეების შეჩერებისა და შემოწმების შესახებ  წერენ თბილისის ფორუმზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ. პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება  პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი  საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.
 
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამგვარი პრევენციული ღონისძიების ჩატარება, შსს-ში არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ მუხლების მითითება შეუძლიათ, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეების შემოწმება ხდება. საგამოძიებო უწყებაში არც ამგვარი ღონისძიებების გატარების სავარაუდო ვადას აკონკრეტებენ და არც იმას, მხოლოდ თბილისში ტარდება პრევენციული ღონისძიებები, თუ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.
 
 მოქალქეთა დიდი რაოდენობის შემოწმების პრაქტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არახალია,  ზუსტად ერთი წლის წინ მოქალაქეები “ფეისბუქის” საშუალებით მასობრივი შემოწმებების, ე.წ. რეიდების შესახებ წერდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინაც თავისი გადაწყვეტილება დანაშაულის პრევენციის არგუმენტით ახსნა.
 
როგორც  “ნეტგაზეთთან” საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, პოლიციას შესამოწმებელი ადამიანების რაოდენობას კანონი არ უზღუდავს და მას შეუძლია რამდენჯერაც გაუჩნდება  ვარაუდისთვისაც საკმარისი საფუძველი, იმდენი პირი გააჩეროს, მეტიც შეუძლია, ერთი პირი დღის განმავლობაშიც რამდენჯერმეც გააჩეროს, თუკი ამის ლეგიტიმური საფუძველი ექნება. 
 
რა მექანიზმები იცავს პოლიციის შემოწმების დროს მოქალაქეს, რომელსაც ერთ-ერთ უზენაეს უფლებას, თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავენ? მოქალაქეთა შემოწმება, მაგალითად, გასულ წელს გონივრული ეჭვის საფუძველზე ხდებოდა.  “გონივრული ეჭვის” შესახებ მუხლი საქართველოს „კანონში პოლიციის შესახებ“  პარლამენტმა 2010 წლის შემოდგომაზე დაამტკიცა. მაშინ ეს საკითხი მწვავე დებატების თემა გახდა. პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” ამ მუხლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. პარტიის აზრით, პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიციის მიერ ,,გონივრული ეჭვით’’ გაჩერებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, – ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა (კონსტიტუცია, 18 მუხლი, პუნქტი 1), – ირღვევა, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ რა ითვლება ,,გონივრულ ეჭვად’’.
 
2013 წელს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დებატები კვლავ განახლდა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა პარლამენტში.  2013 წლის 16 ივლისს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაც ესწრებოდა. მისი განმარტებით,  ცვლილებები შედის ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქის გაჩერების ნაწილშიც. კერძოდ, მისი თქმით, “გონივრული ეჭვის“ საფუძველზე გაჩერების ღონისძიება კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებით შეიცვლება.   პარლამენტმა პოლიციის შესახებ კანონპროექტი 2013 წლის ოქტომბერში მესამე და საბოლოო მოსმენით 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო და ტერმინის “გონივრული ეჭვი” ტერმინით “საკმარისი საფუძველი  ვარაუდისათვის” შეიცვალა:
 
“მაგალითზე რომ განვიხილოთ, ნებისმიერი ქუჩაში მიმავალი პირს პოლიცია აჩერებს არა გონივრული ეჭვის საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ ჰგონია, პირს ალკოჰოლი აქვს მოხმარებული.  თუ პოლიციელს გაუჩნდება საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, მას შეუძლია ნებისმიერი პირი გადაიყვანოს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შეამოწმოს ალკოჰოლურ თრობაზე და ა.შ”,- ამბობს იურისტი ლევან ვეფხვაძე. 
 
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როგორ უნდა გაუჩნდეს საკმარის საფუძველი ვარაუდისთვის პოლიციელს, როდესაც შესაძლო სამართალდარღვევას, მაგალითად, იარაღის ტარებას  არ აქვს ისეთი გამოხატული ფორმა, როგორიც, ვთქვათ, ალკოჰოლურ თრობას, იურისტი პასუხობს:
 
“გააჩნია იარაღის ზომას, ჯიბეში თუ უდევს იარაღი, საეჭვოა საფუძველი გაჩნდეს, თუ ოპერატიული ინფორმაცია არ აქვს პატრულს, რომ პიროვნება ატარებს იარაღს.  მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო მეტად არის ცივ იარაღთან დაკავშირებით, დანის, პატარაც, რომ იყოს, მისი ტარება ყველას ეკრძალება. ხშირად ხდება, როცა პირს გასაღებთან ერთად ე.წ. კუსაჩკა ჰქონდეს  ჩამოკიდებული და ეს ყოველთვის შექმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მარტივადაა საქმე, მაგრამ რაც თქვენ თქვით, რომ მე შეიძლება იარაღი ჯიბეში მქონდეს ჩადებული და პოლიციელს არ ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს ეჭვს ბადებს, რომ ხდება უკანონოდ გაჩერება, მაგრამ ამ მხრივ, ტერმინის ცვლილების საფუძველზე, პირს მიეცა უფლება, თუ მას შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება უკანონოდ,  გაასაჩივროს ეს ზემდგომ ინსტანციებში. გონივრული ეჭვის შემთხვევაში რომ გამესაჩივრებინა მე, კონკრეტულ პირს, მეტყოდნენ, რომ ეს გონივრული ეჭვი არ არის კანონში განმარტებული და დამოკიდებულია იმაზე, პოლიციელს რა ეჭვი გაუჩნდა, შესაბამისად,  დამთავრდა ჩემი უფლებების დაცვა, მეტს ვეღარ გავაგრძელებდი. ახლა, როცა დაკონკრეტებულია და განმარტებულია, მე ვიდავებ, რომ არ ჰქონდა მას საკმარისი საფუძველი, დასკვნა გაეკეთებინა, რომ მე ან დანას ვატარებდი, ან ცივ იარაღს ვატარებდი, ან ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ ვიყავი”,-ამბობს იურისტი.
 
მისივე თქმით, დანაშაულის პრევენციის მიზნით ადამიანების შემოწმების კანონიერებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოსთან დავა რთული იქნება, რადგან შსს-მ ერთი კონკრეტული პირის გადაადგილების უფლება შესაძლოა საჯარო ინტერესით მარტივად გაამართლოს.
 
“თავისუფალი გადაადგილების უფლება არის ერთ-ერთი უზენაესი უფლება, კონვენციითაც და კონსტიტუცითაც, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი საჯარო ინტერესი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ არსებობს საჯარო ინტერესი იგივე დანაშუალის გახსნისა, შესაძლებელია  პირის უფლებები გარკვეულ ნაწილში შეიზღუდოს, აქედან გამომდინარე, ყოველთვის, რაც არ უნდა ვედაოთ ამ ნაწილში პოლიციას, თუ იტყვის პოლიცია და  დაასაბუთებს, რომ დანაშაულის პრევენცია ხდება, მით უმეტეს, დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება უკვე ყველა ადამიანი გააჩერონ იარაღის ტარების ნაწილში, რადგან საჯარო ინტერესი არსებობს, იმდენი დანაშაული ხდბა. ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესს დააყენებს პოლიცია წინ  და, შესაბამისად, ამ დავის მოგება რთული იქნება”.
 
პოლიციის ეს უფლებამოსილება არ ნიშნავს, იმას, რომ დაუსაბუთებლად და ვიღაცის ახირების გამო შეაჩერონ ადამიანი, პირიქით, ვარაუდის დასაბუთების ტვირთი  პოლიციელს აკისრია:
 
“მან უნდა დაამტკიცოს, რატომ გააჩერა ეს პიროვნება, თუ გაჩერებული პირი ამას გააპროტეტსებს და მასობრივად დაიწყება ასეთი გაპროტესტება და ადამიანები იტყვიან, რომ მე თავისუფალი გადაადგილების უფლება ყოველგვარი საფუძველის გარეშე შემეზღუდა, შესაძლოა შსს-მ გარკვეული პრაქტიკა შეცვალოს, ან უწყება შეიმუშავებს დამატებით რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცეს, ან რა არის საფუძველი იმისა, რომ მოქალაქე გააჩერონ, გარდა იმისა, რაც კანონში ტერმინთა განმარტებაშია ნაგულისხმევი”,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი