ახალი ამბები

რატომ უწესებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს “სოლიდარობის ფონდს”

9 სექტემბერი, 2014 • • 1421
რატომ უწესებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს “სოლიდარობის ფონდს”

რატომ შედის ცვლილება საგადასახადო კოდექსში მხოლოდ “სოლიდარობის ფონდისთვის” და რა ფინანსური წყაროებით მოხდება მისი დაფინანსება?


“საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უნდა გაკეთდეს სისტემურად და არა კონკრეტული სფეროსათვის, რომელიც ვიღაცების გუნება-განწყობილებით იქმნება. საგადასახადო კოდექსი პატარ-პატარა შეღავათებით საბოლოოდ დაირღვევა”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.


“ამ ფონდს იმიტომ მიანიჭეს უპირატესობა, რომ სახელმწიფო ფონდია და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია თქვენი და ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულით,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა”, ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.


ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფონდისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების მთავარ არგუმენტად უფრო მეტი თანხის მობილიზებას ასახელებს: “აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ფონდს, რათა მან უფრო მეტი თანხა მიმართოს საქველმოქმედო საქმიანობისთვის და დახმარება გაუწიოს სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომ პაციენტებს და მათ ოჯახებს”. თუმცა კითხვას, რატომ არ წესდება მსგავსი საგადასახადო შეღავათები კერძო საქველმოქმედო ფონდებისთვის, არ პასუხობს.

 

“სოლიდარობის ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არიან წარმოდგენილი ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები. ბიზნეს და საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელები, როტაციული პრინციპით სამი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. გარდა ამისა, სამეთვალყურეო საჭოს საქმიანობას დამკვირვებლის სტატუსით უერთდებიან გაეროს, მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.


“სოლიდარობის ფონდის” არჩეული დირექტორის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფონდის ფუნქციონირებისათვის ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.


“სექტემბერი-აგვისტოს ბიუჯეტი 60 ათასი ლარი იქნება. ფონდში დასაქმდება რვა ადამიანი. აქედან სამს მოვიწვევთ, ხოლო ხუთი სხვადასხვა სამინისტროდან იქნება წარმოდგენილი და საქმეს შეითავსებს. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ფონდში ფულს საჯარო მოხელეები, ბიზნესკომპანიები და რიგითი მოქალაქეები ნებაყოფლობით ჩარიცხავენ.”


ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საფრთხეს სახელმწიფო “სოლიდარობის ფონდის” დაფინანსების წყაროებშიც ხედავს:


“თვითონ ეს ფონდი არის რეკეტის ირიბი ფორმა, როდესაც კერძო პირებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს დაავალდებულებენ თანხის შეტანას. მთავრობის ძალდატანებით შექმნილი ყველა ორგანიზაცია იქნება არაეფექტური, რაც არ უნდა ზნეობრივი მიზნები ჰქონდეს. ყველაზე კარგი ფონდი არის ბიუჯეტი, საიდანაც მსგავსი პროექტები უნდა დაფინანსდეს.”


“სოლიდარობის ფონდის” არჩეული აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფონდში, რომელიც 9 აგვისტოს დაფუძნდა, 31 აგვისტოს მდგომარეობით 23 ათასზე მეტმა საჯარო მოხელემ და 100-მდე ინდივიდუალურმა მოქალაქემ თანხა უკვე ჩარიცხა. “სოლიდარობის ფონდში” მოზიდული ფინანსური რესურსით, პირველ რიგში, ონკოპაციენტების მკურნალობა დაფინანსდება:


“ფონდის საბანკო ანგარიშებზე უკვე ჩარიცხულია 125 ათასი ლარი. საერთო ჯამში, 150 ათასი ლარი არის მობილიზებული. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ველოდებით, რომ დონაციები 200 ათას ლარამდე გაფართოვდება.”


“სახელმწიფო თავის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას სოციალური დაცულობის და განხორციელების ნაწილში ვერ უზრუნველყოფს. მოიფიქრეს სქემა, რომლითაც ისევ იმ ადამიანებსა და კომპანიებს ჩაარიცხვინებენ ფულს, რომელთაც ეს ვალდებულებები უკვე შესრულებული აქვთ ბიუჯეტში გადასახადების გადახდით” – ამბობს ლევან კალანდაძე.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2014 წელს 2,658 მლრდ ლარით განისაზღვრა (2013 წელს იყო 2.345 მლრდ ლარი); მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ცენტრალურ ბიუჯეტს 126 მლნ ლარი დააკლდა, ხოლო შარშან წლიური ბიუჯეტი 634 მლნ ლარით გაირღვა.


საბიუჯეტო სახსრები რომ სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსებას არ ჰყოფნის, ამ საკითხში ექსპერტებს “სოლიდარობის ფონდის” დირექტორი მარიამ ჯაშიც ეთანხმება:


“მთელ მსოფლიოში დაავადებების ძვირადღირებული მკურნალობა ფილანტროპიული ფონდების საშუალებით არის თანადაფინანსებული. 2013 წელს ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტით თითოეული მოქალაქე მოვიცავით. საქართველო ჯანდაცვის გაორმაგებული ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი თითო მოქალაქეზე ხარჯავს 100 დოლარის შესაბამის თანხას. ეს არის შეზღუდული რესურსი, რომელიც მაქსიმალურად არის გამოყენებული საბაზისო პაკეტისთვის. დღევანდელი რესურსები არ არის საკმარისი და ვცდილობთ ამ ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას.”


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსების კუთხით მწირი ბიუჯეტის ფარგლებში პრობლემები ყოველთვის იქნება. არჩვაძე სოციალური გადასახადის აღგენის ინიციატივით გამოდის:


“2008 წელს წინა ხელისუფლებამ გააუქმა სოციალური გადასახადი. ბიუჯეტს არ აქვს იმის რესურსი, რომ სათანადო დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს. საკმარისი რესურსების მობილიზებას ვერ ვახერხებთ სახელმწიფო ბიუჯეტში იმის გამოც, რომ ჩვენი ბიზნესი გათავისუფლებულია ამ სოციალური ვალდებულებისაგან. ხელფასის ერთეულზე ევროპაში სოციალური გადასახადი 1 ევროზე არის 40 ცენტი. საქართველოში სოციალური გადასახადი 20% იყო.”


მასალების გადაბეჭდვის წესი