ახალი ამბები

ნარმანიამ outdoor.ge მონოპოლისტობაში დაადანაშაულა და 12 პუნქტიანი დავალება მისცა

19 სექტემბერი, 2014 • • 1039
ნარმანიამ outdoor.ge მონოპოლისტობაში დაადანაშაულა და 12 პუნქტიანი დავალება მისცა

კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართეს, სადაც თბილისის მთავრობის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. თბილისის მერმა outdoor.ge-ს წარმომადგენლებს უფრო დეტალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა და განაცხადა, რომ პრეზენტაციამ უფრო მეტი კითხვები გააჩინა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

„2013 წელთან დაკავშირებით ფინანსური ანგარიში არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, შემოსავლების ოდენობის დადგენა და მისი შედარება ბიუჯეტში არსებულ მონაცემებთან ვერ მოვახდინეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ outdoor.ge-ს აუდიტის ფინანსური მონაცემები დასკვნასთან ერთად 2014 წლის 24 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კომპანიისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

 

„მინდა გკითხოთ, ასეთი დამოკიდებულება გქონდათ თუ არა წინა მმართველობის პირობებში და იგივე დამოკიდებულებას თუ აგრძელებთ ჩვენთან მიმართებით? თუ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ, ვერ ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ ჩვენ მომსახურე კომპანიებისგან მოვითხოვთ ქალაქის, ხელისუფლების და ხალხის პატივისცემას, ურთიერთნდობას და ამ ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მერიის განცხადებით, outdoor.ge-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ელოდნენ და დეტალური ინფორმაციის წარმოდგენისთვის მზად არ იყვნენ. outdoor.ge-ს წარმომადგენელის განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. 

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12-პუნქტიანი დავალებები მისცა. მან კომპანიას მოსთხოვა, წარმოადგინოს 2009-2013 წლებისა და 20014 წლის 8 თვის დეტალური ფინანსური მონაცემები. outdoor.ge-მ პირველ ოქტომბრამდე მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული აუდიტის დასკვნების შესახებაც.

 

ასევე, კომპანიამ მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მერიის კუთვნილ ფართებზე განთავსებული რეკლამების თაობაზე და საკუთარი ხედვა ქირის გადახდასთან დაკავშირებით.

 

outdoor.ge-მ მერიას უნდა წარუდგინოს კომპანიის 70%-ის მფლობელის ვინაობა და კომპანიის აქტივების შესახებ ინფორმაცია. თბილისის მერის განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსით, გარე რეკლამის რეგულირება მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გახდა და outdoor.ge-ს წარმომადგენლებს მოსთხოვა, გააცნონ თავიანთი ხედვები ამ მიმართულებით.

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლები მონოპოლიაში დაადანაშაულა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, კომპანიას დღეს სრული ბაზარი უჭირავს, რაც ნარმანიას თქმით, კონკურენციის პირობებს არღვევს.   

 

„თამაშის წესებს განსაზღვრავთ თქვენ, იმ გვერდნახევრიანი აქტის საფუძველზე, რომელიც თქვენსა და მერიას შორის იყო გაფორმებული. იცოდით, რომ თქვენ ამ აქტით 100%-იანი ბაზრის მფლობელები ხდებოდით და ამას დათანხმდით“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქტი თბილისის მერიას  მუნიციპალური პოლიტიკის გატარებაში უშლის ხელს. დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, outdoor.ge-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი