სამართალი

ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

22 სექტემბერი, 2014 • • 3506
ჰაკიმ ფაშა, სუს-ის საიდუმლო წერილი, FBI და ჟვანიას საქმის პირველი სასამართლოს სხვა დეტალები

22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას, ასევე, სასამართლო-სამედიცნო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმეების განხილვა დაიწყო. ჩაჩუას საქმე ძაძამიას და ხარშილაძის ბრალდებას გამოეყო, რაც პროკურორმა რეზო ნადოიმ გამოძიების ტაქტიკით ახსნა დამატებითი ახსნა-განმარტებების გარეშე. დღეს წინასასამართლო სხდომა მხოლოდ ექსპერტის საქმეზე გაიმართა. ჟვანიას დაცვის წევრების მტკიცებულებების დასაშვებობაზე სასამართლო 30 სექტემბერს იმსჯელებს, რადგან მათი პროცესი სწორედ ამ დროისთვის გადაიდო.

ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეო

“უდანაშაულო ვარ”, – ლევან ჩაჩუას ამ განცხადებით დაიწყო წინა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც მოსამართლე ნინო სანდოძე უძღვებოდა. ჩაჩუას ბრალად ედება სისხლის სამართლს კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც მოხელის მხირდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ნიშნავს მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

“კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა [ჟვანიას და უსუპოვის] გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ მარტში გავრცელებულ განცხადებაში.

 

პროკურატურას 2-ტომიან საქმის მასალებში მტკიცებულების სახით მითითებული აქვს 4 დისკი, რომელზეც ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ფოტომასალა, ასევე, 2005 წლის 3 თებერვალს ჩაჩუას მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ვიდეოკადრებია შენახული. ზემოხსენებულ ფოტომასალაში ცხედარს, რომელიც Youtube-ის ქსელის მომხარებელ ჰაკიმ ფაშას მტკიცებით, გარდაცვლილი ჟვანიაა, ტუჩის, თავის და მკერდის მიდამოებში საეჭვო ზონები აღენიშნება, რომლებიც შესაძლოა ფიზიკური დაზიანების კვალი იყოს, მაშინ, როდესაც ჩაჩუას 2003 წლის დასკვნაში მხოლოდ ტუჩზე არსებულ ზონაზეა საუბარი.

 

დაცვის მხარემ აღნიშნული ვიდეოფირების მტკიცებულების სახით დაუშვებლობა მოითხოვა და განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობდა კადრების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები, ასევე, ადვოკატების მტკიცებით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2005 წლის ექსპერტიზის დროს გაკეთდა, არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული, რადგან არ არსებობს არავითარი ოქმი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ვინმეს იმდროინდელი ექსპერტიზის კანონიერად გადაღების უფლება ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტში პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ყოფილი მთავარი პროკურორის,  მურთაზ ზოდელავას კაბინეტში აღმოაჩინეს. ამის გამო მურთაზ ზოდელავა პროკურატურას დასაკითხ პირთა სიაში ჰყავს.

 

ჩაჩუას ადვოკატების განმარტებით, ეს ვიდეოფირები პროკურატურის ერთადერთი სამხილია მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ და მათი საქმიდან ამოღება სასამართლო პროცესზე გამოძიების პოზიციებს შეასუსტებდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ფირები მტკიცებულებათა ნუსხაში დატოვა.

FBI-ის დასკვნა

 

ლევან ჩაჩუას ადვოკატის, ზურაბ ტაბიძის განცხადებით, მათ მტკიცებულების სახით საქმეში FBI-ის მიერ 2005 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ჩადება სურდათ, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ ეს დასკვნა არ მიაწოდა. დაცვა იმედოვნებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა სასამართლოზე მათ სასარგებლოდ იმუშავებს. ამის შემდეგ, ჩაჩუას ადვოკატების თქმით, ისინი ვებგვერდის მეშვეობით გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდნენ [წერილი მიწერეს], სადაც ორი თანამშრომლის სახელი და გვარი დაუსახელეს, რომელთაც 2005 წელს ჟვანიას საქმეზე იმუშავეს. ადვოკატები აშშ-ის ზემოხსენებული მოქალაქეების მოწმის სახით სასამართლოზე გამოძახებას ითხოვდნენ, რასაც პროკურორი რეზო ნადოი შეეწინააღმდეგა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, იმისათვის, რომ პირი მოწმის სახით იქნას დაკითხული, დაცვამ მისი გამოკითხვის ოქმი უნდა წარუდგინოს სასამართლოს წინასწარ და ეს მტკიცებულების სახით ბრალდების მხარეს გაუცვალოს, რაც არ მომხდარა. საბოლოოდ, მოსამართლემ გამოძიების ფედერალური ბიუროს ის წარმომადგენლები, რომელთაც დაცვის მხარე უთითებდა, დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანა:

 

“[გამოკითხვა] უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა… დაეშვათ პრეცედენტი, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პირიქით, საჯაროობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა”, – უთხრა ნეტგაზეთს ჩაჩუას მეორე ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

 

დაცვამ პროცესზე ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აშშ-ის ზემოხსენებულ ორ მოქალაქეს ჟვანიას საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა. ნეტგაზეთის კითხვას, როგორ აპირებდნენ ისინი ამერიკელი ექსპერტების საქართველოში მოწმის სახით ჩამოყვანას, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ ამაზე ისინი იზრუნებდნენ ამერიკის საელჩოს დახმარებით. ადვოკატის მტკიცებით, ამ თემაზე მათ საელჩოს ერთ ამერიკელ თანამშრომელთან კომუნიკაციაც დაამყარეს, თუმცა იურისტი ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვის ესაუბრა საელჩოში და არც რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება აქვს. ერთ-ერთი პირი [დევიდ სობონია], რომელიც ადვოკატებმა სასამართლოზე ჟვანიას საქმეზე თავის მოწმედ დაასახელეს FBI-დან, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვებ-გვერდის ცნობით, უწყების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ოფიცერია.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ მისცა ადვოკატებს პროკურატურამ FBI-ის დასკვნა, პროკურორმა რეზო ნადოიმ ასე უპასუხა:

 

“მე მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლოში იხილება სისხლის სამართლის საქმე ლევან ჩაჩუას მიმართ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე. ეფ-ბი-აის დასკვნა ამ საქმესთან არავითარ კავშირში არ არის. დანარჩენზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

შსს-ს მაღალჩინოსნი შ. როსტიაშვილის საიდუმლო წერილი

პროკურორ რეზო ნადოის და ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, საქმეს ერთვის შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის შოთა როსტიაშვილის წერილი, რომელიც მან პროკურატურას მისწერა და რომელშიც იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ ლევან ჩაჩუა დაკავებამდე საქმის მონაწილე სხვა ექსპერტებთან კონტაქტს ცდილობდა:

 

“მოხდა მისი [წერლის] გასაიდუმლოება და ის გაეცვალა მხარეს. ამ წერილში წერია, რომ არსებობდა ინფორმაცია, რომ ჩაჩუა აპირებდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე სხვა ექსპერტზე ზემოქმედებას”, – ამბობს რეზო ნადოი. კითხვას, რომელ ექსპერტზე ზემოქმედებას აპირებდა ჩაჩუა, ნადოი პასუხობს, რომ ამაზე როსტიაშვილის წერილში არაფერი წერია.

 

გიორგი ფანცულაიას თქმით კი, წერილის თანახმად, ჩაჩუა ამას ტელეფონის მეშვეობით აკეთებდა, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, მათ შპს მაგთიკომიდან მიიღეს ამონაწერი ლევან ჩაჩუას ნომრიდან როსტიაშვილის მიერ მითითებულ პერიოდში (2 დღე მარტის შუა რიცხვებში) განხორციელებული ზარების შესახებ, რაც აღნიშნულ ინფორმაციას აბათილებს.

 

“ეს ინფორმაცია არის ტყუილი. ლევან ჩაჩუას არავისთვის არ დაურეკავს”.

 

თუ შოთა როსტიაშვილს ინფორმაცია ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ლევან ჩაჩუა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებამ შესაბამის ზომებს, არ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე? – ეს კითხვა ჯერჯერობით ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთვისაც პასუხგაუცემელია. მისი ინფორმაციით, მოწმის დაშინების ან სხვა მსგავსი მუხლით ჩაჩუას წინააღმდეგ გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.

 

დაცვის მხარემ როსტიაშვილის წერილის საქმიდან ამოღება მოითხოვა და ამის საფუძვლად ტექსტის ბუნდოვანი შინაარსი დაასახელა, რაც, მათი თქმით, დეზინფორმაციას შეიცავს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა: ის, რომ მხარეს წერილის შინაარსი არ მოსწონს, არ არის იმის საფუძველი, რომ დოკუმენტი მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოიღონ.

 

ლევან ჩაჩუას ადვოკატების ინფორმაციით, ანალოგიური წერილი როსტიაშვილმა პროკურატურას მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებითაც მისწერა.

 

ლევან ჩაჩუა გათავისუფლების მოლოდინში

 

6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჟვანიას საქმეზე სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 22 სექტემბრის წინასასამართლო სხდომაზე ექსპერტის ადვოკატებმა პატიმრობის გადაწყვეტილების გაუქმება ან აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლა მოითხოვეს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 25 სექტემბერს მიიღებს, სწორედ 3-დღიანი ვადა ითხოვა პროკურორმა ნადოიმ იმისათვის, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პოზიცია ჩამოაყალიბოს. იგი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტის გათავსიუფლებას პროკურატურაც დაეთანხმოს. რაც შეეხება იმას, თუ რაში სჭირდება პროკურორს 3 დღე ფიქრისთვის, ნადოი ნეტგაზეთის შეკითხვას ასე პასუხობს:

 

“ეს ნორმალური პროცედურაა, წინასწარ არაფერია ცნობილია.  არაფერს არ გამოვრიცხავ. ამ შუამდგომლობას შევისწავლით და გვექნება ჩვენი საკმაოდ დამაჯერებელი პასუხი”.

სამსახურებრივი გულგრილობის მუხლი 2005 წელს მოქმედი რედაქციით სასჯელის მაქსიმალურ ზომად 2-წლიან პატიმრობას განსაზღვრავს, თუმცა მუხლი ამნისტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექსპერტს მოსამართლე 2-წლიან პატიმრობას მიუსჯის, იგი ციხეში 18 თვეს გაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი