ახალი ამბები

გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

20 ოქტომბერი, 2014 • • 1942
გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გერონტი ალანიას – 4 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა და 2000 ლარის გადახდა, ხოლო ვალერიან მეტრეველს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, 2000 ლარის გადახდა. სასჯელები განისაზღვრა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინებით.

 

 

გურამ გირგვლიანიs თქმით, სასჯელი ნაკლებია იმის ფონზე, რაც მათ ჩაიდინეს მისი ოჯახის მიმართ:

 

“იმის თქმა, რომ მე კმაყოფილი ვიყავი, უაზრობაც არის, რამდენადაც შვილი მომიკლეს და მეუღლე მომიკლეს, ყოველ შემთხვევაში ამას მეც არ ველოდებოდი მეტს, თავიდანვე ვიცოდით, რომ არ მისცემდნენ, მუხლი იყო ისეთი ორივეში, სადაც 9–დან 15–მდე უნდა ყოფილიყო ვითომ, მაგრამ, როგორც ხედავთ, დღეს გავიგეთ, რომ მისცეს 3 წელი მერაბიშვილის.”

 

ვანო მერაბიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, და 341-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ სიყალბეს. პროკურატურის განცხადებით, ეს გამოიხატა მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არებული ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ასევე, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათი სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიების უზრუნველყოფისათვის, ასევე, მათი სასჯელიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ხელშეწყობაში.

 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი, ასევე, აქვთ წაყენებული ოლეგ მელნიკოვს და დათა ახალაიას. თუმცა იმის გამო, რომ მელნიკოვმა ბრალი აღიარა, მისი საქმე ცალკე გამოიყო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ასევე, ცალკეა გამოყოფილი დათა ახალაიას საქმე, რომლის ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს უარი უთხრა.

 

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მეორე ეპიზოდზე, რომელიც გირგვლიანის საქმესთანაა გაერთიანებული და რომელშიც ბრალდებულებს  გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს – თითოეულს 4 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა და 2000 ლარის გადახდა დაეკისრათ. სასჯელები განისაზღვრა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინებით.

 

გერონტი ალანია, რომელიც ძებნაში იმყოფება, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და 144-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” “ე” ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება). იგი გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ანალოგიურად, ვალერიან მეტრეველი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და 144-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” “ე” ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება). იგი გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მეტრეველისა და ალანიას ბრალდების საქმე ეხება მოქალაქეების, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რასაც, გირგვლიანის საქმის მსგავსად, ადგილი ჰქონდა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი