ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის სოფლები, რომლებიც თანდათან “კვდებიან” [ფოტო]

26 ოქტომბერი, 2014 • • 1876
ყარაბაღის სოფლები, რომლებიც თანდათან “კვდებიან” [ფოტო]

დღესდღეობით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 150 ათას ადამიანს შეადგენს. მათი უმრავლესობა, 50 ათასზე მეტი ადამიანი დედაქალაქში, სტეპანაკერტში ცხოვრობს.

მარტუნინის რაიონის (აზერბაიჯანულად ხოჯავენდის რაიონი – რედ.) სოფელი მიურიშენი სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მანქანით იქ დედაქალაქიდან 40 წუთში მოხვდებით, თუმცა გზა რომ მოასფალტებული იყოს, გაცილებით მოკლე ხანში იქნებოდა იქ ჩასვლა შესაძლებელი. ადგილობრივები გზას პერიოდულად საკუთარი სახსრებით არემონტებენ, თუმცა მთიანი განლაგების გამო სოფელში ძლიერი წვიმის დროს გზა ირეცხება და ისევ პირვანდელ სახეს იბრუნებს.

გზის გარდა სოფელში კიდევ ბევრი სხვა პრობლემა არსებობს: გაუმართავია წყლის სისტემა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებლობის გამო უჭირთ მიწის დამუშავება და ა.შ. თუმცა სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის მეჟუმლიანი ამბობს, რომ ამ პრობლემებს მალე ეშველება, ის უფრო მეტად იმის გამო წუხს, რომ ახალგაზრდები აღარ ქორწინდებიან, შობადობა იკლებს და ამის გამო სოფელი თანდათან კვდება:

“ახალგაზრდები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ – ფინანსურ პრობლემებს, საყოფაცხოვრებო საკითხებს, მუდმივი სამუშაოს არქონას”…

მეჟუმლიანი სოფელში არსებული “თეთრი სახლისკენ” მიგვითითებს. ასე უწოდებენ ორსართულიან ავარიულ სახლს ადგილობრივი ახალგაზრდები, სადაც ფუნქციონირებს სოფლის თემის ადმინისტრაცია, სამედიცინო პუნქტი და სოფლის კლუბიც კი – ერთადერთი გასართობი ადგილი ახალგაზრდებისთვის: ისინი აქ მაგიდის თამაშებით ერთობიან, ფილმებს უყურებენ, საუბრობენ. სახლის აივანზე ანტენა ისე აქვთ დამაგრებული, რომ ერთ-ერთი აზერბაიჯანული არხის ყურება შეძლონ, რომელიც ფეხბურთის მატჩებს გადასცემს. სხვათა შორის, ეს ერთადერთი რამაა, რაც აქაურ ახალგაზრდებს მეზობელ ქვეყანასთან აკავშირებს.

ანტენა, რომლითაც აზერბაიჯანული არხს უყურებენ მიურიშენის ახალგაზრდები
ანტენა, რომლითაც აზერბაიჯანული არხს უყურებენ მიურიშენის ახალგაზრდები

ახალგაზრდები ამბობენ, რომ სოფელში სამუშაო ჭირს, შედარებით ასაკოვანი ხალხი კი იმის გამო ჩივის, რომ ახალგაზრდებს შრომა ეზარებათ: “სიზარმაცეა ყველგან, თოხის და ბარის “ეშინიათ”, – ამბობს ბატონი მიშა, – “მე კიდევ მუშაობა აღარ შემიძლია, ინვალიდი ვარ და ვირზე ჯდომაც კი მიჭირს”.

მიურიშენიდან 2 კილომეტრშია სოფელი ავდური, სადაც ხალხს იგივე პრობლემები აწუხებს, თუმცა საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ პრობლემებზე მეტად აქაც სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობა უფრო აღელვებთ. ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი იურიკ გასპარიანი ამბობს, რომ ახალგაზრდები სოფელს, სადაც ბოლო აღწერის მონაცემებით, 151 ადამიანი ცხოვრობს, ტოვებენ და სამუშაოს საძიებლად ქალაქში ან ქვეყნის გარეთ მიდიან.

სოფელ ავდურში მცხოვრები ქალები პურს აცხობენ
სოფელ ავდურში მცხოვრები ქალები პურს აცხობენ

დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შობადობასა და მრავალშვილიანობას. მაგალითად, პირველი შვილის გაჩენისთვის ოჯახი იღებს დაახლოებით 250 დოლარს, მეორე შვილზე – 500 დოლარს, მესამეზე – 1250 დოლარს და მეოთხეზე – 1750 დოლარს. ექვს და მეტშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო აშენებს საცხოვრებელ სახლებს. თუმცა მიურიშენსა და ავდურში ამბობენ, რომ ეს სოფლები მრავალშვილიანმა ოჯახებმაც დატოვეს, რადგან სახელმწიფომ მათ სახლები არა მშობლიურ სოფლებში, არამედ მეზობელ სოფელ ვაზგენაშენში აუშენა, რომელიც უფრო განვითარებულია, უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვს და ა.შ.

მიურიშენის ხედი ავდურიდან
მიურიშენის ხედი ავდურიდან

სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში ახალდაქორწინებული ოჯახები ყარაბაღში ერთჯერადი დახმარების სახით დაახლოებით 750 დოლარს იღებენ. ამას გარდა, რესპუბლიკაში სხვადასხვა სახით საქველმოქმედო აქციებს მართავენ ახალშექმნილი ოჯახებისთვის ბიზნესმენები. მაგალითად, 2008 წელს ერთ-ერთი ბიზნესმენის სპონსორობით 7000 წყვილის კოლექტიური ქორწილი გაიმართა და თითოეულ წყვილს 2500 დოლარი გადაეცა.

რამდენად გაუმჯობესდა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ამ და მსგავსი ღონისძიებებით, ეს 2015 წელს გამოჩნდება, როდესაც ყარაბაღში მოსახლეობის მორიგი აღწერა უნდა შედგეს.

მიურიშენში
მიურიშენში


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი