ახალი ამბები

რასობრივი ნიშნით ადამიანის ავტობუსიდან გადმოგდების საქმეზე შსს გამოძიებას წყვეტს

28 ოქტომბერი, 2014 • • 1686
რასობრივი ნიშნით ადამიანის ავტობუსიდან გადმოგდების საქმეზე შსს გამოძიებას წყვეტს

როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ლელა კოდალაშვილმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ამბავი, რომლის შესახებაც არაერთი სტატია თუ სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა, მან გამოიგონა. საუბარია აფროამერიკული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქის ავტობუსიდან გადმოგდების ფაქტზე:

 

“როდესაც გამოძება დაიწყო, თქვა, რომ მოვიგონეო”, – უთხრა ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის მოადგილე ვიკტორია კლიმჩევამ.


ლელა კოდალაშვილის 22 ოქტომბრის ტექსტი ფეისბუკზე
ლელა კოდალაშვილის 22 ოქტომბრის ტექსტი ფეისბუკზე

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებას ნეტგაზეთთან საუბარში უარყოფს თავად ლიტერატორი ლელა კოდალაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას გამოძიებისთვის ასეთი რამ არ უთქვამს, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეული დეტალები, რომლის შესახებაც თავდაპირველად საუბრობდა, ჩვენებაში არ მოხვდა. კერძოდ, კოდალაშვილის თქმით, მას არ შეუძლია, რომ მძღოლი დაადანაშაულოს აფროამერიკული წარმოშობის ადამიანის ავტობუსიდან გადმოგდებაში, ასევე სამართლებრივად ვერ დაადასტურებს, რეალურად შეგნებულად გამოაგდეს თუ არა მგზავრი ავტობუსიდან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ განაცხადა 22 ოქტომბერს, რომ მგზავრი ავტობუსიდან ებოლას ვირუსის საფრთხის გამო ჩამოაგდეს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, იგი დღეს, 28 ოქტომბერს აღნიშნავს, რომ ეს მისი ვარაუდი იყო. ამასთან, მწერლის თქმით, შსს-ში მას ისიც უხსენეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავის მხრივ დანაშაულია. კოდალაშვილის განმარტებით, მას ინციდენტის შემდეგ პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ეს თვითონ დაზარალებულმა არ მოისურვა:

 

“პოლიციას 4-გვერდიანი ჩვენება მივეცი. ერთადერთი, რაც ჩემგან შეიძლებოდა, რომ ფანტაზიად ჩაეთვალათ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ზუსტად მძღოლმა გადმოაგდო თუ არა. მე თავიდან დავწერე, რომ თითქოს მძღოლიც იყო, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ მძღოლს პასუხს მოსთხოვდნენ და დანამდვილებით არ ვიცოდი, ხელი დამედო თუ არა მძღოლისთვის, იმიტომ, რომ 30-40 მეტრის სიშორიდან მე ვერ დავინახე ზუსტად და არ დავკვირვებივარ. ამაზე მე გავაკეთე კომენტარი, რომ დანამადვილებით არ შემეძლო ხელო დამედო მძღოლისთვის. საერთოდ, არავის დასჯა არ მინდოდა… მე იმიტომ გამოვაქვეყნე ეს სტატუსი, რომ რიგითი ადამიანები, ვინც სკეპტიკურად და ცუდად არიან შავკანიანების მიმართ განწყობილი, ისინი დაფიქრებულიყვნენ. ჩემი ერთადერთი მიზანი ეს იყო. მე არ ვიცოდი, თუ პრესაც აიტაცებდა ამას.

ასევე [შეურაცხმყოფელი] ფრაზები, რომელიც ამ ბიჭის მიმართ ჩამესმა გამვლელბის მხრიდან, მე უბრალოდ [მხატვრულად] დავალაგე, მე ლიტერატორი ვარ და პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ სიტყვას. შესაბამისად, მხატვრულად მხოლოდ ის შეძახილები დავალაგე. წამოძახილების შინაარსი არ შეცვლილა [ჩემს სტატუსში]”, – ამბობს იგი.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეცვალა მძღოლის მიმართ თავისი პირველი განცხადება, კოდალაშვილი ასე განმარტავს:

“პირველი დღის [ფეისბუკ] სტატუსში უფრო მეტი ბრალდება მძღოლის მიმართ იყო, მეორე დღეს, როცა იმ ადგილას მივედი ისევ, დავინახე, რომ იქ შუქნიშანი ყოფილა, ასე რომ, მძღოლს ვეღარ დავაბრალდებდი, რომ სპეციალურად გააჩერა ავტობუსი [ადამიანის გადმოსაგდებად]. მან შესაძლოა შუქნიშანზე გააჩერა. ტრანსპორტის კომპანიიდანაც დამირეკეს და მკითხეს მძღოლის აღწერილობა, მაგრამ მე იმ ადამიანს ვერ აღვწერდი, დავინახე, მომეჩვენა, რომ კაბინისკენ შევიდა, მაგრამ ბრალს ვერ წავუყენებ მძღოლს. ეს ჩვენებაშიც დავწერე. მე სისხლის სამართლის დანაშაული არ დამინახავს. მე დავინახე ბიჭის ჩამოგდება, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიეწეროს იმას, რომ ვიღაცამ ოდნავ უბიძგა, ის ამ დროს მოუხერხებლად იდგა და ჩამოვარდა. მე არ შევსწრებიავარ იმას, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააზიანა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩამოვარდა, თუ ჩამოაგდეს, ამის გარკვევას სჭირდება დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ ხელთ არ გვაქვს, ვინაიდან ის ბიჭი არ ჩანს, ან ის ბიჭი უნდა ჩიოდეს, ან მე, როგორც ფაქტის მოწმეს, უნდა გამეკეთებინა განაცხადი.

 

შსს-მ მითხრა, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი დადანაშუალება იმაში, რომ თუ თქვენ შეესწარით დანაშაულს და არ მოგვამრთეთ, ესე იგი დამნაშავე ხართ. ანუ თუ მე გულგრილად ჩავიარე და დავინახე, რომ ვიღაცა ვიღაცას კლავს, დამნაშავე ვარ იმიტომ, რომ უნდა შევატყობინო პატრულს. მე არ დამინახავს სისხლის სამართლის ნიშნები, ის, რომ ჩამოაგდეს, 40 მეტრიდან არ შემეძლო დამენახა, ის ხელის კვრის გამო გადმოვარდა, თუ ფეხი ედგა ცუდად, ამის გამო წაიბორძიკა და პატარა ბიჭმა გადმოაგდო. შსს-ში ვარაუდები არ მიიღება, იქ საჭიროა ფაქტები, შენ დაინახე, რომ თავში კეტი დაარტყეს თუ არ დაინახე?! ის, რომ ის იქიდან ებოლას გამო გადმოაგდეს, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ის ყვიროდა, ფრანგი ვარო და ქალი ეძახდა, შავ ჭირს ავრცელებო და რას ჩამორეკეს ესენიო”, – აცხადებს კოდალაშვილი და ამ გამოძიების პროცესში პოლიციის მოტივაციაზე საუბრობს:

 

“პოლიციამ გამოთქვა ვარაუდი, და მეც გამოვთქვი ეს ვარაუდი, რომ იქნებ მერე წამოაძახეს შავი ჭირიც, შავკანიანობაც და ასე შემდეგ… სინამდვილეში კი ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ იმ ბიჭმა ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა?! სულ თავიდან რაზე დაიწყო კონფლიქტი, მე ამაზე პასუხს არ ვაგებ.  გადმოაგდეს… მაგრამ იურიდიულად მე ვერ დავდასტურებ, რომ ის გადმოგდებულია, შეიძლება ცუდად ედგა ფეხი და ვიღაცის პატარა ბიძგმა, რომელიც გადმოსაგდებად არ იყო გამიზნული, მისი გადმოვარდნა გამოიწვია. მე ხომ არ შემიძლია შენელებული კადრის ნახვა და ზუსტი დასკვნის გაკეთება.  მე იურიდიულად რომ განვაცხადო, რომ ის ნამდვილად გადმოგდებულია, ამას სჭირდება შესაბამისი ექსპერტიზა, მოწმეთა ჯარი, ამოღებული ვიდეომასალაც კი არ არის საკმარისი. პოლიციაც ამიტომ ვერ ადასტურებს გადმოგდების ფაქტს. პოლიციას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ გადმოგდების ფაქტი არ დაადასტუროს, იმიტომ, რომ მომჩივანი არაა, ის ბიჭი არ ჩანს. შესაძლოა, იმ ბიჭს სულ არ აწყობს ძალოვანებთან გამოჩენა”, – ამბობს იგი.

ლიტერატორმა ლელა კოდალაშვილმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ საკუთარ გვერდზე 22 ოქტომბერს დაწერა.

 

“გუშინ ყაზბეგის გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. ერთ-ერთმა ავტობუსმა, მოულოდნელად გაჩერების შემდეგ გააჩერა, საიდანაც ხალხმა მამაკაცი ჩამოაგდო, რომელიც ასფალტზე დავარდა. სპეციალურად გაჩერდა ავტობუსი, რომ გადამოეგდოთ და მალევე მოწყდა ადგილიდან.” მისი თქმით, ბიჭი ფერადკანიანი იყო და მისი დისკრიმინაცია სწორედ ამ ნიშნის გამო მოხდა. “ამ მომენტში ავტობუსიდან ხალხის გაავებული ხმები მესმოდა, პიჯაკი ჩაუცვია ამ გორილას, ეს ჭირიანი დაგვაჭირიანებს, ისმოდა უშვერი ქართული გინებებიც. როცა შევხედე მას, სისხლის კვალი ეტყობოდა, ალბათ, გადმოგდების დროს დაზიანდა. ჩემ გარდა, არავინ მიახლოებია ამ მამაკაცს. კორსიზი და ერთჯერადი ხელსახოცები მივეცი სისხლის მოსაწმენდად. ფრანგულად საუბრობდა, სავარაუდოდ, ფრანგი იყო. მე არ ვიცი ფრანგული და ბევრი ვერაფერი გავიგე, რას ამბობდა. ინგლისურად მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ აქ ყველა ასეთი არ არის და, სამწუხაროდ, სწორედ მას შეხვდნენ ასეთი ადამიანები,”- ამბობს ლელა კოდალაშვილი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი