ახალი ამბები

პრეზიდენტი: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ანექსიის საფრთხემ უნდა გაგვაერთიანოს

14 ნოემბერი, 2014 • • 946
პრეზიდენტი: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ანექსიის საფრთხემ უნდა გაგვაერთიანოს

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის აღნიშნულ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია.

 

“ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის.”

 

პრეზიდენტმა ამ კუთხით საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. 

 

“ერთი თვის წინ, ჩემი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ განცხადებაზე დაყრდნობით მოვიწვიე უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ გამოწვევის საპასუხო სტრატეგიაზე.

 

პარალელურად, მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე – ერთი მხრივ, არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორე მხრივ, ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და  ავსტრიაში, შეხვედრები გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული თემას – ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას.   მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ისე  საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში. დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტესიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის “პრივილეგირებული ინტერესების სფეროების” კონფრონტაციული პარადიგმის ცვლილება,”- განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

გიორგი მარგველაშვილი: ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გიორგი მარგველაშვილი: ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი