ახალი ამბები

ტოლერანტობის ქომაგი თამარ კორძაია გახდა

17 ნოემბერი, 2014 • • 1812
ტოლერანტობის ქომაგი თამარ კორძაია გახდა

თამარ კორძაია არის 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” და მუშაობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. მანამდე საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში მუშაობდა. 

 

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა – ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე, ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა ისტორიკოსი გია ანჩაბაძე; გაზეთ „გურჯისტანის“ ყოფილი რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი; საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ქალთა საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა.

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა დააჯილდოვეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები.

 

პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა კუხალაშვილი “ქუთაისი პოსტ-ში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე“. მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტ თამარ უჩიძეს სტატიისთვის „ბრძოლა სალოცავისთვის“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ გელა მთივლიშვილი – კახეთის საინფორმაციო ცენტრი, სტატიით „აკრძალული ლოცვა“ და ირმა კახურაშვილი – ჟურნალი „National Geographic“ სტატიით „მუსლიმების ქართული სახლი“.

 

ღონისძების ორგანიზატორი იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ მხარდაჭერით.

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

მასალების გადაბეჭდვის წესი