ახალი ამბები

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს საბი ბერიანის ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

20 ნოემბერი, 2014 • • 2635
ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს საბი ბერიანის ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის წინ სანთლებით ტრანსგენდერთა სიმბოლო დახატეს, რომლის შუაშიც საბი ბერიანის ფოტო მოათავსეს წარწერით “მათ ვერ ამოძირკვეს გოგო მისი ბიჭიდან”,  შემდეგ კი წუთიერი დუმილითა და ერთი ჭიქა ღვინით საბის ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის ბოლოს კი სქაინლანტერები გაუშვეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის დავით მიხეილ შუბლაძის თქმით, აქცის ჩატარება იუსტიციის სახლთან იმ ვითარებას უკავშირდება, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს საკუთარი იდენტობის დაფიქსირების საშუალებას პირადობის მოწმობაში არ აძლევს.

“ვუერთდებით მთელ მსოფლიოს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც  უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ და ისინი სიცოცხლეს გამოასალმეს. მათი “ბრალი” მხოლოდ ისაა, რომ ისინი იყვნენ, ვინც იყვნენ. ისინი იყვნენ სამაგალითო ადამიანები, რადგან ყოფნიდათ გამბედაობა ამ ველურ საზოგადოებაში არ დაემალათ საკუთარი თავი”,-ამბობს დავით მიხეილ შუბლაძე.

ორგანიზაციის “ტრანსგენდერი ევროპა” (TGEU) სტატისტიკის მიხედვით, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, ბოლო 12  თვის განმავლობაში ევროპის მასშტაბით 226 ტრანსგენდერი მოკლეს. 2008 წლის იანვრიდან დღემდე კი 1 612 ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი.

ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა. შსს-ს დაკავებული ჰყავს ბრალდებულიც, თუმცა ოფიციალურ ვერსიასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ინფორმაცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “იდენტობა” ავრცელებენ. მათ 12 ნოემბერს ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს.

“ბიანკა შიგუროვას ახსნა-განმარტება აჩვენებს, რომ ბრალდებულმა მკვლელობის დღეს ძალადობა რამდენიმე დამოუკიდებელ ეპიზოდში ტრანსგენდერი პირების, როგორც ლგბტ თემის წევრების მიმართ განახორციელა და ამდენად, მისი ქმედება სავარაუდოდ  გენდერული იდენტობის გამო, სიძულვილით იყო მოტივირებული. ეს გარემოება ეჭვებს აჩენს გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ანგარებით ჩადენილ ტიპურ მკვლელობას წარმოადგენდა”,- ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 1999 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღის დაარსების ინსპირატორი 1998 წელს, ცნობილი ამერიკელი ტრანსგენდერი ქალის, რიტა ჰესტერის საშინელი მკვლელობა გახდა.

რიტა ჰესტერი აქტიური ადამიანი იყო და კავშირები ჰქონდა ბოსტონის ტრანსგენდერთა და როკენროლის კლუბის წარმომადგენლებთან. რიტა 1998 წლის 28 ნოემბერს საკუთარ სახლში მოკლეს. როცა პოლიციამ მისი სხეული იპოვა, მკერდში დანით 20 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ოფიციალურად ჰესტერის მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა საზოგადოება ამ მკვლელობას სიძულვილის დანაშულს უწოდებს. ამას ის სისასტიკეც ადასტურებს, რა ფორმითაც დანაშაული ჩაიდინეს და ის ფაქტი, რომ ბინიდან არაფერი წაუღიათ, რაც ნიშნავს, რომ მკვლელობა ძარცვის მოტივით არ მომხდარა.

რიტა კესტერის მკვლელობის 1 წლისთავზე ტრანსგენდერთა საზოგადოებამ კესტერი სანთლებით გაიხსენეს, აქციამ თანდათან ფართომასშტაბიანი სახე მიიღო და ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორის დღედ ჩამოყალიბდა.

ეს დღე იმ ადამიანების გასახსენებლად  არსებობს, რომლებიც ტრანსგენდერთა წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების განწყობების და სიძულვილის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამ დღეს ყურადღებას ამახვილებენ აგრესიაზე, ჩაგვრასა და ძალადობაზე, რასაც საზოგადოება ტრანსგენდერთა მიმართ გამოხატავს.

ტრანსგენდერთა მკვლელობა მკვეთრად გამოხატული ძალადობის ფორმებით ხდება. კლარენს პატონი, ნიუ-იორკის  ლგბტ ანტიძალადობრივი კოალაციის პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმებში მეტი სისასტიკეა, ვიდრე სხვა ძალადობრივ აქტებში. მისივე თქმით, „გარდა იმისა, რომ ეს ინდივიდზე თავდასხმაა, ეს, ასევე, თავდასხმაა საზოგადოებაზეც და მკაფიო მესიჯებს გზავნის საზოგადოების შეშინების კუთხითაც“.

საქართვეელოში ტრანსგენდრთა ხსოვნის დღე პირველად 2011 წელს ვაკის პარკში აღნიშნეს.

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე
ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე










მასალების გადაბეჭდვის წესი