ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დამოუკიდებლობა, ავტონომია, თუ რუსეთთან მიერთება – რა პერსპექტივა აქვს სამხრეთ ოსეთს?

23 ნოემბერი, 2014 • • 2816
დამოუკიდებლობა, ავტონომია, თუ რუსეთთან მიერთება – რა პერსპექტივა აქვს სამხრეთ ოსეთს?

კანონების ომი 1989-1992 წლებში; შეიარაღებული კონფლიქტი იმავე წლებში; საზღვრის ჩაკეტვა და ისევ გახსნა; ერთობლივი ბიზნესი ერგნეთის ბაზრობის სახით და შემდეგ ამ ბაზრის დახურვა; ომის გენერალური რეპეტიცია 2004 წელს და უშუალოდ ომიც 2008 წელს; რუსული პასპორტები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის 2006 წელს და ქართული ნეიტრალური პასპორტები სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის 2011 წელს; სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსების განცხადებები რუსეთთან მიერთების შესახებ და ამ განცხადებების უარყოფა; ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის უზრუნველყოფის თაობაზე. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე საქართველოს პრემიერის წინადადებამ ზუსტად 24 წლით დაიგვიანა.

 

ცოტა რამ ისტორიიდან

 

1989 წლის სექტემბრიდან 1990 წლის ივნისამდე პერიოდში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობამ სამართლებრივი ცვლილებების სერია განახორციელა, რაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციისა და საბჭოთა პერიოდის კანონების გაუქმებას უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა არის “საქართველოს ტერიტორია” და “სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორია”? ეს ტერიტორიები მხოლოდ საბჭოთა პერიოდში განისაზღვრა და სსრკ-ს კანონებით გამყარდა. შესაბამისად, დაბრუნება 1920 წლის 7 მაისის “მოსკოვის ხელშეკრულებასთან”, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო, უადგილოა და ავტომატურად გამორიცხავს სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობიდან. საქართველოს სსრ-ს მთავრობის აპელირება ამ ხელშეკრულებაზე იყო გაეროს შექმნის შემდეგ მსოფლიოს მოწყობის პრინციპის ხელყოფა, რადგან 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებით დადგინდა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი, ხოლო ხელშეუხებლად მიჩნეულ იქნა ის საზღვრები, რაც არსებობდა 1945 წლისთვის, როცა შეიქმნა გაერო. [შენიშვნა რედაქციისგან – 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთი საქართველოს საზღვრებში აღიარებს ტერიტორიებს, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია განთავსებული. მოგვიანებით მოხდა საქართველოს გასაბჭოება, თუმცა 1992 წელს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში აღიარებულ საზღვრებში აღიარა და ამავე საზღვრებით გაწევრიანდა საქართველო გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში].

 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სტატუსი აამაღლა რესპუბლიკის სტატუსამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1991 წლის 6 იანვარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ზვიად გამსახურდიას რეჟიმის შეიარაღებულმა არაფორმალურმა დაჯგუფებებმა დაიკავეს. ამ მომენტიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც გაგრძელდა 1992 წლის ივლისამდე.


1991 წლის 17 მარტს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საკავშირო რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა და სსრკ-ს შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი. მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი სსრკ-ს კანონებით, რეფერენდუმი ძალაში შედიოდა მისი ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ. ამ დღების განმავლობაში და მოგვიანებითაც საქართველოს სსრ-ს მთავრობას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საკავშირო რეფერენდუმში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობაზე, რომლებმაც სსრკ-ში დარჩენა ისურვეს, რაც იყო იმ მომენტისთვის ერთადერთი საერთაშორისო სამართლით აღიარებული სუბიექტი. 31 მარტს საქართველომ თავისი რეფერენდუმი ჩაატარა დამოუკიდებლობის შესახებ და ამით იგნორირება გაუკეთა რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულ რეფერენდუმს სსრკ-ს შენარჩუნების შესახებ.

 

ქართველი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას სეპარატიზმს უწოდებენ. ოსი ექსპერტების შეფასებით კი, საქართველოს სსრ-ს უარი, მონაწილეობა მიეღო 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმში სსრკ-ს შენარჩუნებისა და მისი რეფორმირების შესახებ, იყო სამართლებრივი სეპარატიზმის გამოვლენა საქართველოს სსრ-ს მთავრობის მხრიდან.

 

კოკოითისა და ბიბილოვის ხშირი განცხადებები სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ

 

ბევრი პოლიტიკოსი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში, როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იწყებს ხოლმე საუბარს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. იმავეს აკეთებდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელმაც საბოლოოდ უკან წაიღო თავისი განცხადებები და სრულიად საპირისპირო განცხადებებიც კი გააკეთა. ეს თემა ძალიან პოპულარულია მოსახლეობაში და პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ პროგრამებში დარწმუნებული არ არიან, ეხმარება ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებაში.

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია. ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ახლა პარლამენტის სპიკერია, თავისი წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყო და დაასრულა იმ დაპირებით, რომ ჩატარდებოდა რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე.

 

ბიბილოვის მომხრეებმა სოციალური ქსელებში დიდი დისკუსია გააჩაღეს ამ თემაზე და ვირტუალურად ესხმოდნენ თავს ყველას, ვინც რუსეთთან შეერთების წინააღმდეგ გამოთქვამდა აზრს. რეფერენდუმის მოწინაამდეგეების ძირითადი არგუმენტები იყო ის, რომ დამოუკიდებლობის გაცვლა სხვა, ამჯერად უფრო დიდი ზომის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნაზე არ შეიძლება. ბიბილოვი თავის მომხრეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა ერთადერთი შესაძლებლობაა ჩრდილოოსეთთან ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრების. მათი ოპონენტები კი ამაზე პასუხობდნენ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი უკვე ისედაც ცხოვრობენ ერთსა და იმავე პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში, ხოლო რაც შეეხება ერთობლივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო პროგრამების შექმნას, ამაზე ამ ორი ოსური მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ მუშაობს და ამის გაკეთება შესაძლებელია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების გარეშეც.

სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნა, 2012 წელი; © Кавказский Узел
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნა, 2012 წელი; © Кавказский Узел

 

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ბიბილოვმა თავისი წინასაარჩევნო დაპირების რიტორიკა შეცვალა და თქვა, რომ პარლამენტის წევრები მუშაობენ შეთანხმების პროექტზე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო და ინტეგრაციის შესახებ, რომელიც გამოხატავს რესპუბლიკის საბაზისო ინტერესებს.  

 

ბიბილოვმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება მზად იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ანალოგიური შეთანხმება “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შემუშავებულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის. დაახლოებით ასე ან არაფრით სრულდება ხოლმე ორივე ოსეთის პოლიტიკოსების მცდელობები სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების კუთხით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადება და მასზე რაქციები სამხრეთ ოსეთში

 

ერთი თვის წინ, 29 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ფართო ავტონომია მისცეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. მისი ეს განცხადება ნეგატიურად მიიღეს სამხრეთ ოსეთში.

 

“ჩადენილის შესახებ დანაშაულის არავითარი გრძნობა არ აქვს საქართველოს მთავრობას და არც არის ძალიან გასაკვირი, რომ ისინი ფიქრობენ, ამ ყველაფრის დავიწყება შეიძლება. ჩვენი დანაკარგი ძალიან დიდია იმისთვის, რომ დავეთანხმოთ რაიმე მსგავსს,” – უთხრა ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გენადი კოკოევმა.

 

ექსპერტი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ ქართველი ლიდერების მშვიდობისმოყვარე განცხადებების მიღმა იმალება აგრესიული ქმედებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ.

 

ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, როცა საქართველოს პრემიერის წინადადებას უწოდა მორიგი მოჩვენებითი უტოპია, ხოლო თავად საქართველოს პრემიერზე განაცხადა, რომ ის უარს ამბობს, აღიაროს არსებული რეალობა.

 

“სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არანაირ ურთიერთობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი მანამ, სანამ ხელი არ მოეწერება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სწორედ ამ დოკუმენტის ხელმოწერა უკვე 6 წელზე მეტია იბლოკება საქართველოს დელეგაციის მიერ ჟენევის მოლაპარაკების დროს”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

 

რას შეიძლება ველოდოთ ხვალ?

 

სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი იდეოლოგი ალან ჩოჩიევი ცოტა ხნის წინ წერდა თავის საიტზე, რომ რუსეთს შეუძლია სწრაფად დათმოს სამხრეთ ოსეთი.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმი რუსეთს არ დარჩება, მაგრამ, ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმის სტატუსი შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ ნოვოროსიის სტატუსი იქნება ფედერაციული, თუმცა ორივე მათგანი დარჩება უკრაინის შემადგენლობაში. და, აი, აქ – ამ შეთანხმებების გარშემო ხმაურის ქვეშ – სამხრეთ ოსეთის სტატუსიც შეიცვლება, თუკი იმ დროისთვის სამხრეთ ოსეთი არ იქნება აღიარებული დასავლეთის მიერ! რუსეთი სამხრეთ ოსეთს დათმობს საქართველოს მიერ რუსეთისთვის რაღაც მოთხოვნის სანაცვლოდ ,” – წერს ჩოჩიევი.

 

ექსპერტ ალან ჩოჩიევის აზრით, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება – ეს არის გარემოებების შემთხვევითობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთში დაიწყო კრიზისი, რომლის გადალხვაც რთული იქნება და რომელიც აისახება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ბედზეც.

“როგორ იქნება ფულის მოზიდვის საქმე სამხრეთ ოსეთისთვის? რუსეთის გარდა არავის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს არ შეუძლია არანაირ სავაჭრო და სხვა გაცვლით ურთიერთობებში მონაწილეობა. და თუკი ყველაფერი ისე წავა, როგორც დღეს მიდის, მაშინ ყველაზე დიდი, ერთი-ორი წლის შემდეგ რუსეთის დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთისადმი და ნაციონალური რეგიონებისადმიც კი შესაძლოა ძალიან შეიცვალოს,” – განაცხადა ალან ჩოჩიევმა aranzeld-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი