ახალი ამბები

ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა

8 დეკემბერი, 2014 • 1152
ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა

კომისიამ ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია ააიპ ”რადიო – ტვ ნორი” მონაწილეობდა. 

 

“რადიო – ტვ ნორი” სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებას წლების განმავლობაში ცდილობდა.

 

საქართველოში სათემო რადიოების პროექტი “ვაკეთებთ ტალღებს” 2006-2009 წლებში ბი-ბი-სი უორლდ სერვის ტრასტმა (BBCWST) ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მარნეულსა და ნინოწმინდაში სათემო რადიოები დაარსდა და ტექნიკურად აღიჭურვა. თანამშრომლები ბი-ბი-სის რუსულენოვანმა ტრენერებმა გადაამზადეს.


რადიომ ორივე რეგიონში 2006-2008 წლებში გრანტის ფარგლებში იარსება. 2008 წლის შემდეგ გრანტი დამთავრდა. რადიოს არსებობისთვის ლიცენზია სჭირდებოდა. ამ წლების განმავლობაში კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გაცემაზე უარი რამდენჯერმე განაცხადა. 

 

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის მიღებიდან რვა თვის ვადაში გეგმავს. ააიპ ”რადიო – ტვ ნორის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კომისიას ლიცენზიით სარგებლობის საფასურის (1,417.50 ლარი) წინასწარ განსაზღვრული გარფიკით გადახდის და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მზაობა დაუდასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი