ახალი ამბები

ღარიბაშვილი შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

10 დეკემბერი, 2014 • • 1168
ღარიბაშვილი შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

“მთავრობის სხდომაზე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას, რეორგანიზაციას, იცით ალბათ, რომ წინასარჩევნო დაპირებაში ჩვენ გვეწერა, რომ მოხდებოდა უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფა სამინისტროსგან. პოლიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო დარჩებოდა ცალკე, ცალკე შეიქმნებოდა უსაფრთხოების ბლოკი, ჩამოყალიბდებოდა ცალკე სამინისტროდ ან სააგენტოს სახით. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა, მსჯელობა და მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი გადაწყვეტილება. უკვე დავავალე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს, რომ სასწრაფოდ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება პარლამენტი, ჩაერთვება არასამთავრობო სექტორი, მთავრობა იქნება, რა თქმა უნდა, ამაში ჩართული, რომ დაიწყოს მსჯელობა, როგორ მოხდეს აღნიშნული საკითხის რეფორმირება, როგორ მომზადდეს. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და კარგი მოფიქრება, დაგეგმარება სჭირდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა რისკის დაზღვევა. 

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ ამ საკითხს, რადგან იყო გარდამავალი პერიოდი, იყო გამოწვევები. დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია. ყველას მიეცემა საშუალება პროცესში ჩართულობის. დავსხდეთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში. საქართველოსთვის როგორი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ თუ რა ფორმით განხორციელდება ის, ამაზე სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნაზე ე.წ. მოსმენების კანონის მიღებასთან დაკავშირებული პლენარული სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსმენების ე.წ. გასაღებს შსს-ს ფლობს, ეს სტრუქტურა არჩევნებს ატარებს:

 

“იმ სამინისტროში არ არის კონტრდაზღვევის სამსახურები, ის გარეთ არის გასული. რა გვერგო ჩვენ მემკვიდრეობით და რას ვწერთ ჩვენ ჩვენს პროგრამაში, რითაც წარვსდექით ამომრჩევლის წინაშე ორი წლის წინ და რასაც დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ვწერდით ჩვენს პროგრამაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ამჟამად მხოლოდ საპოლიციო და უშიშროების სამსახურებთან არის გაიგივებული. ამ სამსახურების შერწყმით შეიქმნა სტრუქტურა, რომელიც არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება. გამჭვირვალეა მხოლოდ შუშის შენობები და არა – სამინისტრო. აუცილებელია შსს სისტემიდან გამოიყოს უშიშროების სამსახური და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური. თავისი შინაარსით, სტრუქტურით, ფორმით, კადრების ოპტიმალური რაოდენობით, კვალიფიციური თანამშრომლებით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს სახელმწიფო უმაღლესი პირის წარდგინებით. ეს დავპირდით ჩვენს ხალხს”,- განაცხადა უსუფაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი