ახალი ამბებირეკლამა

რატომ უნდა შეუნახოთ შვილს ჭიპლარის სისხლი [Video]

15 დეკემბერი, 2014 • 11142
რატომ უნდა შეუნახოთ შვილს ჭიპლარის სისხლი [Video]

  • ბატონო გოჩა, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შენახვა?

დავიწყოთ იქიდან, რა არის ჭიპლარის სისხლი. ეს არის სისხლი, რომელიც მშობიარობის შემდეგ პლაცენტაში რჩება და რომელსაც მშობიარობის შემდეგ უბრალოდ აგდებენ. თუმცა, რამდენიმე ათეული წელია მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სისხლში დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები. მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით – სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები. მასში, ასევე, შედარებით ნაკლები რაოდენობითაა მეზინქიმიური ღეროვანი უჯრედები, რომელიც მნიშვნელოვანია იმდენად, რომ მათგან შეიძლება სხვადასხვა ტიპის უჯრედები და ქსოვილები წარმოიქმნას. მაგალითად, შეიძლება წარმოიქმნას ნერვული, ძვლის, ხრტილის, ცხიმოვანი, კუნთის  ქსოვილები. შესაძლებელია ღვიძლის უჯრედების, ანუ ჰეპატოციტების მიღებაც. ღეროვან უჯრედებში არის ენდოთელური უჯრედებიც, რომელთაც სისხლძარღვების წარმოქმნის, ანუ ვასკულოგენეზის უნარი გააჩნიათ. ანუ შეუძლიათ ახალი სისხლძარღვების შექმნა. მოგეხსენებათ, ზოგიერთი დაავადების დროს სისხლძარღვების დახშობა ხდება. მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ასევე ქვედა კიდურების არტერიული სტენოზების – შევიწროების დროს. ამ დაავადებების დასაძლევად ეს უჯრედები მშვენიერი მასალაა იმისთვის, რომ ახალი უჯრედები შეიქმნას. ცხოველებზე ცდებმა უკვე აჩვენა, რომ წარმატებით ხდება ამ უჯრედების გამოყენება.

ყოველდღე, ყოველ საათში ადამიანის ორგანიზმში მილიარდობით უჯრედი იღუპება, რომლის შევსებაც აუცილებელია. ამ დანაკლისის აღდგენა შეუძლია ღეროვან უჯრედებს.

ჩვილის ღეროვანი უჯრედების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მათზე გარემოს მავნე ზეგავლენას არ უმოქმედია, არ უმოქმედია დაავადებებს, გამოსხივებას, რადიაცას, ვირუსებსა თუ ბაქტერიებს, ტოქსინებსა თუ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც სასმელ წყალთან და საკვებთან ერთად იღებს ადამიანი. ჩვილის ღეროვანი უჯრედები 20–ჯერ უფრო მაღალი აღდგენის უნარით გამოირჩევა, ვიდრე მოზრდილის ღეროვანი უჯრედები.

  • მაინც რომელი დაავადებების დროს შეიძლება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად გამოჯანმრთელება?

ეს არის სრულფასოვანი ალტერნატივა ძვლის ტვინის გადანერგვის. მაგალითად, ლეიკემიის, ლიმფომის, სისხლის სხვა ონკოლოგიური დაავადებების, ზოგიერთი იშვიათი გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ უკვე აპრობირებულია.  დაახლოებით 80–მდე დაავადებაა, რომლის დროსაც ამ უჯრედებს იყენებენ. ამ დროისთვის 35 ათასზე მეტი ტრანსპლანტაციაა ჩატარებული ჭიპლარის სისხლის მეშვეობით.

პირველი გადანერგვა 1988 წელს მოხდა, როდესაც თანდაყოლილი დაავადების – ფანკონის ანემიის დროს გადაუნერგეს ბავშვს დედმამიშვილის ღეროვანი უჯრედები. მოგეხენებათ, დედმამიშვილებში ¼–ზეა თავსებადობა.

მეორე, ეს არის რეგენერაციული – აღდგენითი მედიცინა. ეს ურეჯდები არის ორგანიზმის თვითგანახლების წყარო. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, მაგალითად, ცერებრული დამბლის შემთხვევაში საკუთარი ჭიპლარის სისხლის გადასხმით რამდენიმე დღეში უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე ვერბალური შეფერხება.

მნიშვნელოვანია ანალოგიური კვლევები თავის ტვინის ტრავმების, ასევე, ზურგის ტვინის დაზიანების დროს, როდესაც მათი გამოყენება ხელშესახებ შედეგებს იძლევა.

ამ ეტაპზე ჯერ ექსპერიმენტულია, თუმცა ღეროვანი უჯრედები სისხლძარღვთა დაავადებებს, მაგალითად, ათეროსკლეროზის დროსაც ეფექტურ შედეგს იძლევა. მნიშვნელოვანია, ასევე, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების კვლევები, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ამ უჯრედების გამოყენებით სისხლში ინსულინის რაოდენობის შემცირებაა შესაძლებელი. ღეროვანი უჯრედების გამოყენებით დაწყებულია კვლევები აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების  მკურნალობის კუთხითაც.

როგორც ვიცით, ღეროვანი უჯრედები ლეიკემიების დროსაც გამოიეყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ლეიკემიების ბევრი ტიპი არსებობს, საშუალოდ, 45-55%-ში ხდება მათი გამოყენებით დადებითი შედეგების მიღწევა.

  • თუ შეგვიძლია მათი გამოყენება დაავადების გარეშეც? როგორ იმოქმედებს?

ეს არის გაუცვეთავი უჯრედები, 20–ჯერ უფრო აქტიური, ვიდრე ზრდასრულს აქვს. მომავალში შესაძლებელი იქნება 60-70-80 წლის ადამიანმა, რომელსაც ეწურება ღეროვანი უჯრედების მარაგი, საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები  გამოიყენოს, რაც  ტვინის, ასე ვთქვათ, გაახალგაზრდავებას გამოიწვევს. მოხუც ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლის გადანერგვით თავის ტვინში დაბერების პროცესები მცირდება, უხეშად რომ ვთქვათ, სკლეროზის განვითარება შეიძლება შეჩერდეს. ანალოგიურად, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები აფერხებს ღვიძლის ციროზის განვითარებას ექსპერიმენტში. ვირთაგვებში დააზიანეს ღვიძლის ფუნქცია და გამოიწვიეს ციროზი, შემდეგ კი შეუყვანეს ადამიანის ღეროვანი უჯრედები. კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსპლანტაციამ შეაფერხა და დათრგუნა ახალდაწყებული ციროზის პროცესი.

  • პირველად როდის შეინახეთ თქვენს ბანკში ახალშობილის ჭიპლარის სისხლი?

2006 წელს დავიწყეთ პირველი ბანკირება. დაახლოებით, 13-14 წლის შემდეგ, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყო ასეთი ტიპის ბანკების ფუნქციონირება.

  • როგორია სტატისტიკა, არის თუ არა მზარდი იმ მშობელთა რიცხვი, ვინც შვილს ჭიპლარის სისხლს უნახავს?

კი, ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა. ალბათ იმიტომ, რომ მშობლების და მომავალი მშობლების ინფორმირება უფრო მაღალია.

  • როგორ ხვდება ჭიპლარის სისხლის ბანკში ახალშობილის ჭიპლარის სისხლი და როგორ და რა პირობებში ინახავთ მათ?

ეს სისხლი დაბადებიდან 15 წუთში, სპეციალურ პაკეტში გროვდება და კურიერის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში ხვდება ჩვენთან. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვამუშავებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლს ვაშორებთ ერთითროციტებს, რომლებიც საკმაოდ დიდ მოცულობას იკავებს. ამასთან, ერითროციტების დაშლის პროდუქტი ჰემოგლობინი საკმაოდ ტოქსიურია გადასხმის დროს. ამის შემდეგ სპეციალურ სინჯარებში ვყინავთ ამ სისხლს და ვინახავთ. იყინება ე.წ. პროგრამირებული გამყინავით წუთში -1C°/წუთში სიჩქარით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოდ უჯრედის სიცოცხლისუნარიანობა და ბოლოს თხევად აზოტის რეზერვუარში, ორთქლის ფაზაში, -160 C°-170 C° -ზე ინახება. მათი ასეთ მდგომარეობაში შენახვა მრავალი ათასი წლის განმავლობაში შეიძლება.

  • რა საფასურის გადახდა უწევს მშობელს შვილის ჭიპლარის სისხლის შესანახად?

პირველ წელიწადს თანხა შეადგენს 780 ევროს ექვივალენტის ლარებში. ამ ფასში შედის სისხლის აღება, მოტანა, დამუშავება, გამოკვლევა და შენახვა. შესაძლებელია უპროცენტო განვადების სამი ფორმა: 3, 6 ან 12-თვიანი, და ასევე პროცენტიანი 12-თვიანი განვადება. ყოველი შემდეგი წლის საფასური კი წელიწადში ერთჯერადი გადასახადი – 100 ევროა. ასე გეტყვით: თუ ჩვილის ოჯახში დღეში 2 კოლოფ სიგარეტს შეელევიან,  დაზოგილი თანხით პირველი წლის ხარჯები სრულად დაიფარება, რომ აღარაფერი ვთქვათ მომდევნო წლების გადასახადზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი