ახალი ამბები

IDFI-ის დირექტორი: გამოძიება სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას მედავება

16 დეკემბერი, 2014 • • 1405
IDFI-ის დირექტორი: გამოძიება სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას მედავება

კლდიაშვილის ცნობით, მის საქმეზე უკვე გაიმართა სასამართლო პროცესიც და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ხოლო საქმის არსებითი განხილვა იანვრიდან დაიწყება. გიორგი კლდიაშვილის განცხადებას, რომელიც მან ფეისბუკზე განათავსა, უცვლელად გთავაზობთ:


გიორგი კლდიაშვილი
გიორგი კლდიაშვილი

 

“პროფესიით ისტორიკოსი ვარ. განსაკუთრებით მაინტერესებს რეპრესიების პერიოდი. ვმუშაობ არქივებში, ვიკვლევ საარქივო დოკუმენტებს. ვცდილობ დავადგინო, სად არის რეპრესირებულთა დახვრეტის ადგილები, ვისი რეაბილიტაცია მოხერხდა. წლების განმავლობაში ვხვდებოდი რეპრესირებულების ოჯახების წევრებს და ვუსმენდი მათ ისტორიებს. მაინტერესებს რეპრესიებთან დაკავშირებული არტეფაქტები. წერილები, სურათები, ნივთები. ამ ნივთებს ვაგროვებ. მიყვარს საბრძოლო ხელოვნება. განსაკუთრებით მაინტერესებს ძველი ხმლები, ცეცხლსასროლი იარაღი. ხშირად დავდივარ „მშრალ ხიდზე“. იქ ყველა მიცნობს. ვეძებ იშვიათ ნივთებს.


ასეთია ჩემი ინტერესები. საბჭოთა ისტორიის შესწავლამ დამარწმუნა, რომ ჩაკეტილი სისტემა ბოროტების აღმოცენებას უწყობს ხელს. ასეთ სისტემაში ადამიანები ვერ განახორციელებენ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს. იდევნება, იკარგება და ქრება თავისუფალი აზრი. უკეთესი მომავლის იმედით მხოლოდ ვიწრო წრეები სულდგმულობენ. კვდება უკეთესი მომავლის იმედი.


დღეს 35 წლის ვარ. ინფორმაციის ღიაობის და ინფორმირებული საზოგადოების მშენებლობის პროპაგანდა სტუდენტობიდან დავიწყე. შემდეგ, 2009 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ IDFI. ორგანიზაციამ წლების მანძილზე ხელი შეუწყო მთავრობის ღიაობის განვითარებას. დღეს მთავრობა უფრო ღიაა, ვიდრე ჩემი სტუდენტობის დროს იყო. მოსახლეობა კი უფრო და უფრო ინფორმირებული ხდება. ეს ტენდენცია შეუქცევადია. IDFI კი ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა.


ამ ყველაფერს შესავლად ვწერ და თან მინდა/დროა გადავიდე ძირითად საკითხზე. მაშ ასე, რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. ორი კვირის წინ, ჩემი კოლექციიდან ერთ-ერთი გამორჩეული იარაღი Parabellum (Luger P08 – 1921 წლის გამოშვება) წავიღე ხელოსანთან, იარაღის მაღაზიაში გასაკეთებლად. ლულა ჰქონდა გაღუნული და მინდოდა შემეკეთებინა. ხელოსანს მოველაპარაკე და დავუტოვე ჩემი იარაღი. დაახლოებით კვირის თავზე, როდესაც ხელოსანი დამიკავშირდა, მივედი იარაღის წამოსაღებად. საკმაოდ უგუნურად მოვიქეცი და იარაღის გადატანის ნებართვა არ ავიღე წინასწარ. არადა 20 ლარიანი ქვითარი იყო საჭირო. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივად არის შესასრულებელი.


ჩემზე გაფორმებული ანტიკვარული იარაღი დავშალე, ტყვიები და მჭიდი მე არ მქონია. ოთხად დაშლილი ჩავდე საბარგულში და სახლისკენ წავედი. გზაში პოლიციამ გადამაყენებინა მანქანა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, კრიმინალურმა პოლიციამ. აღმოჩნდა, მითხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ და რომ მათი ცნობით გარკვეული არაკანონიერი ნივთი უნდა მქონოდა თან. უკანონო არაფერი მქონდა, თუმცა ვუთხარი, რომ ჩემი იარაღი საბარგულში მედო და რომ ხელოსნისგან სახლში მომქონდა. გავხსენი საბარგული, ჩემი ხელით ამოვიღე და ვაჩვენე. გამომართვეს, ააწყვეს, დაათვალიერეს. მითხრეს, რომ იარაღის ტარება არ შემეძლო, თუმცა სერიოზული სანერვიულო არაფერი იყო, რადგან ასეთი ქმედება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმით იფარგლებაო. ადგილზე არ დავუკავებივარ. მე დაველოდე მათ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით ორ საათს) და საბოლოოდ, მთხოვეს პოლიციაში გავყოლოდი. პოლიციაში მისვლის და ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ დამაპატიმრეს. მოვლენათა ასეთი განვითარება საკმაოდ მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას მედავებიან – დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილს. რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.


მითხრეს, რომ ორი დღე მოდულის შენობაში იზოლატორში, საკანში გავატარებდი. ეს სრულად მოულოდნელი იყო. მე ადვოკატსაც არ დავკავშირებივარ, იმდენად არ მეგონა, რომ ეს პრობლემური საკითხი იყო, ჩემი ნებით დავთანხმდი დაკითხვას. განვუმარტე, რომ არ ვაპირებდი მიმალვას და საჭიროების შემთხვევაში გამოვცხადდებოდი, სადაც დამიბარებდა გამოძიება. მიუხედავად ამისა, მათ მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მე ბრალის წაყენებამდე „იზოლატორი უნდა მენახა“.


იურისტი არ ვარ, მაგრამ უნდა გამეთვალისწინებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამივე საკოლექციო იარაღის, რომელიც კანონიერად მაქვს გაფორმებული, უნებართვო გადატანისთვის შესაძლებელია პრობლემები შემქმნოდა. არც პირველი ვარ ასეთი და ალბათ არც უკანასკნელი. რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ კანონის არცოდნა არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.


„მოდულის შენობის“ იზოლატროში ყოფნისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალს არ წამიყენებდნენ. მაგრამ კვირას ბრალი წამიყენეს და კვირასვე ჩატარდა სასამართლო პროცესი. პროკურორმა წარმოადგინა საქმის მასალები. იარაღის ექსპერტიზის შედეგები. მოსამართლემ შეკითხვები დაგვისვა და დაადგინა, რომ ჩემი დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა და რომ შსს-მ და პროკურატურამ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩამამწყვდიეს იზოლატორში. საინტერესოა, რომ ეს თავად პროკურორმაც აღიარა პროცესზე. ჩემთვისაც თავიდანვე გაუგებარი იყო და დარჩა დაპატიმრების გარდაუვალობის საკითხი. არანაირ საფრთხეს მე არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის. მიმალვას არ ვაპირებ. არც ქვეყნიდან წასვლას. მოკლედ, აღკვეთის ღონისძიებად 1,500 ლარიანი გირაო შემეფარდა. მოსამართლემ დარბაზშივე გამათავისუფლა. გადასახდელად ვადა მომცეს და სასამართლო პროცესი იანვარში ჩაინიშნა.


ჩვენი საქმიანობით, ალბათ, საკმაოდ შევაწუხეთ ძალოვანი სტრუქტურები. ამის თაობაზე დელიკატურად მიმითითეს კიდეც სამინისტროში ყოფნისას. კერძოდ, მკითხეს, თუ რატომ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში და რატომ ვსაუბრობთ უკანონო მოსმენებზე. ჩვენ მათ ვთხოვთ საჯარო ინფორმაციას, სამართლიანად ვაკრიტიკებთ. 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესიც გვაქვს, საჯარო ინფორმაციის არმოწოდების გამო.


დღეის მდგომარეობით ვსწავლობ კანონებს და ვმეცადინეობ ადვოკატთან ერთად. რატომ ვწერ ამას. უნდა მეფიქრა, რომ ჩემი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან არ არის მარტივი ამბავი. უფრო სწორად, მარტივი კი არის, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ ჩემი დაპატიმრება იყო საჭირო, რადგან საზოგადოებისთვის მომეტებულ საფრთხეს შევიცავდი.


დავფიქრდი მომხდარის გავლენაზე იმ ორგანიზაციის რეპუტაციაზე, რომლის დირექტორიც ვარ. ჩემთვის ძალიან ძვირფასია IDFI და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომლითაც ყოველდღე ვართ დაკავებული. ჩადენილმა ქმედებამ არ მინდა დააზიანოს ორგანიზაცია და გააქარწყლოს საზოგადოების მაღალი ნდობა და მოლოდინი IDFI-ს საქმიანობის მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე აღარ შევასრულო დირექტორის მოვალეობები. ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაციისთვის.


ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციების და საზოგადოების წინაშე დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი დაუფიქრებელი ქმედების გამო! ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების და აქტივობების ფონზე.


დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის ყველა ჩემს კოლეგას, მეგობარს და კეთილისმსურველს. მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარს აუცილებლად გავაკეთებ მას შემდეგ, რაც საქმის განხილვა დასრულდება. ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებ იურიდიულ კონსულტაციებსაც ჩემი საქმის გარშემო.


ასევე, მინდა ვუთხრა მათ, ვისაც გაუხარდება ამ პოსტის წაკითხვა (დარწმუნებული ვარ, რომ ასეთებიც იქნებიან), რომ მიუხედავად ყველაფერისა, ერთი წამითაც არ შევაჩერებ ჩემს საქმიანობას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითრებისთვის საქართველოში”, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი