ახალი ამბები

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირება დაუშვებლად ცნო

25 აპრილი, 2015 • 1069
საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირება დაუშვებლად ცნო

პროკურატურის განცხადებით,  სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო დავით ახალაიას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

”საქართველოს პროკურატურისათვის ამ ეტაპზე უცნობია  გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს ცალსახად განაცხადოს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა დ. ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის განუხილველობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიმართ არსებული მტიკცებულებების შეფასება და პირის ბრალეულობის განსაზღვრა წარმოადგენს არა ექსტრადიციის განმხილველი, არამედ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს  სასამართლო ორგანოების პრეროგატივას,”- ნათქვამია საქართველოს მთავრი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, დათა ახალაიას მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნა და უკანონო სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს.

 

”აქვე გაცნობებთ, რომ ქართულმა მხარემ ადვოკატის დაქირავებაში კოლოსალური თანხმა გადაიხადა, ჩართული იყო ასევე საელჩო, სხვა კავშირები გამოიყენეს, თუმცა მათი ყველა მცდელობა აღმოჩნდა ამაო და ქართულ მხარეს საბოლოოდ ეთქვა უარი დავით ახალაიას ექსტრადირებაზე,”- აცხადებს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

 

 

დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.


მასალების გადაბეჭდვის წესი