ეკონომიკა

BP ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთების მარშრუტის შეცვლას გეგმავს

13 ივლისი, 2015 • • 5308
BP ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთების მარშრუტის შეცვლას გეგმავს

სოფელ ხურვალეთთან 10 ივლისს საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი რუსმა სამხედროებმა აღმართეს, რის შემდეგაც ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ბაქო-სუფსის 500-მეტრიანი მონაკვეთი, ახალგორის რაიონის ოსურ სოფელ ორჭოსანთან, თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მას შემდეგ იქ მილსადენის ოპერატორის “ბრიტიშ პეტროლიუმის” მომსახურე პერსონალს აღარ უშვებენ. 

 

ბიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამილა ჩანტლაძე ამბობს, რომ ამ შეზღუდვის მიხედავად კომპანიას მილსადენის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვს:

  

“კონტროლის პროცესი არ მოიცავს მილსადენის დათვალირებას მხოლოდ ადამიანის მიერ. ჩვენ გვაქვს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც გადის მილსადენში და ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის მისი მდგომარეობის შესახებ. შიგნით რა ხდება, სადმე ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის დანაკარგები. ერთი სპეციალური მოწყობილობა შედის მილსადენში, ჯერ წმენდს, შემდეგ შედის დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის.” 

 

კომპანიაში ამბობენ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა მილსადენის იმ მონეკვეთების მარშრუტის შეცვლა იგეგმება,რომელიც თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა: 

 

“ჩვენ 1999 წლიდან დავიწყეთ მილსადენის ექსპლოტაცია და დღემდე უსაფრთხოდ მიმდინარეობს. მილსადენების დაცვა არის საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს პრეროგატივა ხელშეკრულების მიხედვით. მაგრამ ჩვენ, როგორც ოპერატორს, გვაქვს ჩვენი გეგმები. ეს არის დათვალიერება მილსადენის, მისი ექსპლოატაცია და ტექნიკური მომსახურება, რაც მის უსაფრთხებასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად გვაქვს გეგმა, რომელიც მოიცავს მილსადაენის სექციების განახლებას. ეს იყო ძველი მილსადენი, რომელიც არსებობდა და დავიწყეთ მისი ოპერირება. გეგმა მოიცავს საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი მილების შეცვლას. ამ სამუშაოებში გათვალისწინებულია ზოგიერთ მონაკვეთში მილსადენის მარშრუტის ცვლილება”.

 

“ბრიტიშ პეტროლიუმში” აცხადებენ, რომ შეიქმნა გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ნავთობსადენი უსაფრთხოდ ოპერირებდეს:

 

“ერთ-ერთი მათგანია მილსადენის ზოგიერთი მონაკვეთის გადატანა. მათ შორის- ახალგორის რაიონიდან. გასათვალისწინებელია მეწყრული მომენტები და ასე შემდეგ. ახალ ადგილას ჩავყრით მილს და  ძველის ჩაჭრა მოხდება.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბიპის გეგმა ახალგორის რაიონიდან ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთის გადმოტანა მიმდინარე მოვლენებს?  კომპანიაში ასე პასუხობენ:

 

“ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. გვაქვს გეგმა, ამას სჭირდება შეთანხმება. ტექნიკურად უნდა იყოს გათვლილი ყველაფერი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხილვა და ვადები ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც კი დავაზუსტებთ, ამ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ოპერატორი, ასეთ გეგმას თვითონ შევიმუშავებთ ხოლმე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და უნდა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი. კონკრეტულად რომ გადაწყდება, რას მოიცავს ეს გეგმა, დეტალებზე ვისაუბრებთ. მილსადენის მშენებლობას დასჭირდა 3 წელი. სანამ არ დადასტურდება, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა სახის ტექნიკურ სირთულესთან გვაქვს საქმე, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მარშრუტის შეცვლის ზუსტ ვადებს ვერ დავასახელებთ.” 

 

დასავლეთის მიმართულების ბაქო – სუფსის  საექსპორტო მილსადენი გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებული საბჭოთა ნავთობსადენის, ბაქო-სამგორი-ბათუმის ბაზაზე  აშენდა. პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებს  შორის 1994 წლის სექტემბერში გაფორმდა. პროექტის მიზანი კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო.

მილსადენი 1999 წლის 17 აპრილს შევიდა ექსპლოატაციაში.  მისი მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21-დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ყველაზე მსხვილი აქციონერი ბრიტანული “ბრიტიშ პეტროლიუმია”. მილსადენის აქციონერები არიან აზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული “შევრონი” და “ექსონმობილი”, იაპონური “ინპექსი” და “იტოჩუ”, ნორვეგიული “სტატოილი”, თურქული “თურქიშ პეტროლიუმი” და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენით დღეში საშუალოდ 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება.  სუფსის ტერმინალში ასევე განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური.

 

ბრიტიშ პეტროლიუმი საქართველოში სამი მილსადენის ოპერირებას ახდენს. ესენია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი.  

 

BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი