ახალი ამბები

ახალი სადემარკაციო ნიშნები და რუსეთი დისკომფორტის გარეშე საერთაშორისო არენაზე

20 ივლისი, 2015 • • 1592
ახალი სადემარკაციო ნიშნები და რუსეთი დისკომფორტის გარეშე საერთაშორისო არენაზე

წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვეყანა გამოეხმაურა. მომხდარზე შესაბამისი განცხადება გაავრცელეს, შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს ჩეხეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანა ბრასერმა. შეშფოთება გამოხატა გაეროს გენმდივანმაც, თუმცა მან, ამავდროულად, ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული ნაბიჯებისაგან. მსგავსი მოწოდება გაისმა (ამჯერადაც ყველა მხარის მისამართით) ევროაკავშირისგანაც, რომელსაც თავის განცხადებაში შეშფოთება არ დაუფიქსირებია და ხაზი ადგილობრივი მოსახლეობისათვის შექმნილ პრობლემებს გაუსვა – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის განცხადებით, სადემარკაციო ახალი ნიშნების ინსტალაციამ ადგილზე სიტუაცია დაძაბა. რაც შეეხება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორ აშშ-ს, განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უწყების პრესსპიკერს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა. შეშფოთება არც აშშ-ს გამოუთქვამს, ვაშინგტონმა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ბოლომდე შესრულებისაკენ მოუწოდა და საქართველოს ტერიტორიული მთიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

  

არის თუ არა ეს განცხადებები საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთს გამყოფი ხაზის ირგვლივ განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთმა საერთაშორისო არენაზე დისკომფორტი იგრძნოს? – პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ არა. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა მინავლდა. იგი აქცენტს ოფიციალური თბილისის პასუხისმგებლობაზე აკეთებს.

 

“ჟურნალისტი არ უნდა ეკითხებოდეს, აშშ ჩვენი ძირითადი პარტნიორია და ყოველ საათში უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს არ იგრძნობა, რადგან მათი რეაქცია შეყოვნებული იყო”, – ამბობს კაკაჩია.

 

ტერმინმა შეშფოთებამ, რომლითაც დიპლომატები რაიმე მოვლენისადმი საკუთარ უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებენ, შესაძლოა საქართველოში ადამიანების ნაწილში თავისი ეფექტი დაკარგა, რადგან 2008 წლის ომის პერიოდში მოსახლეობამ ის არაერთი უცხოელი დიპლომატისა თუ პოლიტიკოსისგან მოისმინა, თუმცა აშშ-ის და ევროკავშირის განცხადებაში შეშფოთებაც არ ფიგურირებს:

 

“შეშფოთებას  შეიძლება უზარმაზარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ თვითონ ტონსაც აქვს მნიშვნელობა: რა ინტონაციით და რა ტონშია ნათქვამი. ამ თვალსაზრისით მე ვხედავ, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხმა პრიორიტეტულ თემებს შორის უკან გადაიწია”, – ამბობს კაკაჩია.

 

“ეს არ არის საკმარისი რეაქცია”, – აცხადებს მეორე პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია, რომელსაც ბათუმელები ესაუბრა. პასუხისმგებლობას ისიც საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს:

 

“ჩვენი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე მეტი რეაქცია ვერც იქნებოდა”, – აცხადებს ხოშტარია და იხსენებს პრემიერის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საკითხით რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება და პროცესი შეწყდება.

 

ბათუმელებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადადგა დიპლომატიურმა უწყებამ რუსეთის ქმედების საპასუხოდ.

 

“ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მყისიერად მოხდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის ინსტრუქციის დაგზავნა, რომელსაც თან ერთვოდა (საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათი და სამინისტროს ოფიციალური განცხადების ტექსტი), რათა მათ გამართონ შეხვედრები ადგილსამყოფელი და დაფარვის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში, გააცნონ მათ საქმის ვითარება და გადასცენ ზემოხსნებული დოკუმენტები. ამასთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში, აშშ-სა და კანადაში საქართველოს საელჩოებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ნატო, ევროკავშირი) მუდმივ წარმომადგენლობებს მიეცათ დავალება გამართონ მაღალი დონის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებთან, სთხოვონ მათ სათანადო რეაგირება რუსეთის მორიგ პროვოკაციაზე, უპირველეს ყოვლისა, ოფიციალური დამგმობი განცხადების გაკეთების სახით”, – გვითხრეს უწყებაში. ასევე, 16 ივლისს მოგვაწოდეს 6-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც სამინისტროს  მიერ გაკეთებული განცხადებები, დიპკორპუსთან გამართული შეხვედრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების დამგმობი განცხადებებია აღნუსხული.

 

“რაც შეეხება რეაქციას, აქ სასაყვედურო საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ არაფერი გვაქვს. პარასკევს მომხდარზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს მოახდინა რეაგირება და მეტი ოპერატიულობა მსგავს შემთხვევებში მე ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება კორესპონდენტის კითხვაზე პასუხის ფორმაში განცხადების მოქცევას, ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა”, – ეს ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ივლიანე ხაინდრავას პოზიციაა. კითხვაზე, უფრო მეტი ხომ არ არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან სამუშაო საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს პრობლემის უფრო აქტუალიზაციისთვის, იგი ასე გვპასუხობს:

 

“მარტივი რამ უნდა გვესმოდეს: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ბუნებრივადაა ჩვენი ყურადღების ცენტრში, მაგრამ ნუ მოვთხოვთ დანარჩენ მსოფლიოს, რომ მან გვერდზე გადადოს საბერძნეთის კრიზისი, ირანის ბირთვული პროგრამა, ისლამური სახელმწიფოს უკიდეგანო პრობლემატიკა და ა.შ. და მთლიანად დაკავდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემით. ჩვენი გამოცდილება თუ არა, უკრაინის ცხელ-ცხელი მაგალითი ხომ გვკარნახობს, რომ ასე არ ხდება. ყარაბაღის ფრონტზე ყოველდღიურად იღუპება ხალხი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამას, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს. ცხადია, უკმარისობის განცდაც დაგვეუფლება ხოლმე – სადმე რამეს ხომ არ დავაკელით ძალისხმევა და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რეალიზმის ფარგლებსაც ნუ გავცდებით”.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოში გასულ კვირას დაგეგმილი ვიზიტი ამ კვირისთვის სწორედ საბერძნეთის ფინანსური კრიზისის გამო გადადო. შეიძლება თუ არა საქართველოში რუსეთის ქმედებაზე მოცემული საერთაშორის რეაგირება იმ მასშტაბური პრობლემებით აიხსნას, რომელსაც ხაინდრავა ასახელებს? ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას თემის აქტუალიზაციისათვის მაქსიმუმი თვითონ არ გაუკეთებია, შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნების წინაშე მდგარი პრობლემების სიმრავლეზე წუწუნს აზრი არ აქვს.

 

“შესაძლებელია, რომ  მაქსიმუმი გაგვეკეთებინა  და მაინც არ გამოსულიყო არაფერი გადატვირთულობის გამო, მაგრამ მაქსიმუმი არ გვიქნია, ესაა პრობლემა. როცა მაქსიმუმს აკეთებ და მაინც არ გამოდის, უკვე სხვა სიტუაციაა და შეგიძლია ისაუბრო, რომ საერთაშორისო თანამეგრობობა სათანადოდ ვერ აფასებს საფრთხეს, მაგრამ…”

 

“ამ მომენტში საქართველოს საკითხი რომ დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის და ეს დიდი ხანია ცნობილია, ამიტომ ორმაგად უნდა მოინდომო, რომ ყურადღება არ მოგაკლდეს. ჩვენი უსაფრთხოების უმთავრესი გარანტია სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაა”, – ეს კორნელი კაკაჩიას აზრია.

 

ორივე მათგანი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ დამგმობი განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის და საჭიროა კონკრეტული ქმედებები. ელენე ხოშტარიას აზრით, საქართველომ ჟენევის დისკუსიების რიგგარშე სხდომის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა უნდა მოითხოვოს, ასევე პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა გააკეთონ საგანგებო მიმართვა პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფების მოწვევის თაობაზე: “პრემიერის მიმართვა ევროკავშირის მიმართ, რომელიც ოფიციალური მედიატორია ამ პროცესში, უყურადღებოდ ვერ დარჩება, გამოვა თუ არ გამოვა, მეორე საკითხია”.

 

კორნელი კაკაჩიას აზრით კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებიც დაინტერესებული არიან მილსადენის უსაფრთხოებით, ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის თემატური და ფუნქციური გაფართოებისათვის, რათა ევროპელ მონიტორებს ადგილზე უფლებამოსილება გაეზარდოთ და მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლონ:

 

“პირველად არ ხდება ამ ხაზის გადმოწევა და ადგილზევე უნდა იყოს რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. გასაგებია, რომ დამკვირვებლები იარაღით იქ ვერ დადგებიან, მაგრამ აღიმართა ტრაფარეტის ბოძი? პირობითად მათ უნდა შეეძლოთ, რომ უთხრან, ეს არის დარღვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ამას და ამას. ბევრი შეიძლება ვერ შეცვალოს ამან, მაგრამ გარკვეული შემაკავებელი მნიშვნელობა ექნება, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ რუს მესაზღვრეებს ადგილზე არავინ ხვდება და მათ ნებაზეა დამოკიდებული რას გააკეთებენ. ხვალ გორამდე რომ ჩამოვიდნენ, რას ვშვრებით?”, – ამბობს კაკაჩია.

 

პოლიტოლოგების თქმით, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა შედეგის მომტანი ყოველთვის არ არის, თუმცა კრემლში უნდა იცოდნენ, რომ “საზღვრის” ყოველ ცვლილებაზე დისკომფორტი შეექმნება და იძულებული იქნება შესაბამისი ფასიც გადაიხადოს საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის სახით. ანუ რუსეთს მოუწევს ყოველ ჯერზე დაფიქრება, უღირს თუ არა 30 ან 100 მეტრი იმ ზეწოლად, რასაც მას საქართველო დაუპირისპირებს მეგობრებთან ერთად.

 

“საბოლოო ჯამში, ეს დისკომფორტი საქართველოდან და სანქციები იგივე უკრაინის თემაზე რუსეთს გამოფიტავს. სხვა შემთხვევაში ის თავისუფლად იმოქმედებს”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი