გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შეიძინა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანა განიზრახა.
“არტაკ ჰ-მ სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოs“ გავლით საქართველოში თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის – „TOYOTA LAND CRUISER“-ის გაუქმებულ ავზში უკანონოდ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოიტანა.
ავტომანქანის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 96,460 ლიტრი თხევადი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 57,24 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“ და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 226,681 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ შეიცავდა”, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქიმიური ექსპერტიზის დასრულებისა და ნივთიერებების ოდენობის დადგენის შემდეგ, არტაკ ჰ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.