ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნავთობის ცდუნება აფხაზეთში

26 ივლისი, 2015 • • 1348
ნავთობის ცდუნება აფხაზეთში

აფხაზი ჟურნალისტები ერთმანეთის მიყოლებით წერენ ტექსტებს ნავთობის მოპოვების თაობაზე აფხაზურ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ. იმავეს იმეორებენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. სინამდვილეში ვითარება ასეთია: ეკოლოგიური საფრთხე რესპუბლიკაში, რომლის ეკონომიკაც ძლიერაა დამოკიდებული ტურიზმიდან შემოსავლებზე, მაღალია. თუმცა არ ღირს ნავთობის გადამუშავების წინააღმდეგ პროტესტის პოტენციალის გადაჭარბება. სინამდვილეში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით რენტაბელური შემოსავლების მიღების ცდუნება ძალიან მაღალია.

ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ ჩემს კოლეგა-ჟურნალისტს, საზოგადო მოღვაწესა და პოლიტიკოსებსაც კი სინამდვილეში არ სურთ, რომ შავი ზღვის აფხაზური აკვატორიას ნავთობის ჩაღვრის საფრთხე შეექმნას. თუმცა, როცა სერგეი ბაღაფში ხელს აწერდა შეთანხმებას კომპანია “როსნეფტთან” ნახშირწყალბადების მარაგების ძიების შესახებ, ხალხის მასა არ გამოსულა ქუჩაში და არ ყოფილა აფხაზი ლიდერის იძულება, რომ უკან დაეხია. ხალხს არც მაშინ გამოუხატავს პროტესტი, როცა მთავრობის 2013 წლის 22 აპრილის განკარგულება გამოიცა, პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც “როსნეფტის” შვილობილ კომპანიას – “რნ – აფხაზეთის შელფს” გადაეცა ნახშირწყალბადების გეოლოგიური შესწავლის, მოძიებისა და მოპოვების უფლება 45 წლის ვადით შავი ზღვის გუდაუთის მონაკვეთის აკვატორიაში.  

დიახ, იყო სტატიები მედიაში, პრობლემების განხილვები საზოგადოებრივ პალატასა და ტელევიზიაში, ზოგიერთი ოპოზიციური ორგანიზაციის განცხადებები და მეტი არაფერი…

თავდაპირველად აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს ისე წარმოაჩენდა, თითქოს “როსნეფტი” უბრალოდ ჩაატარებდა მოძიებით სამუშაოებს, ხოლო ნავთობის მოპოვებაზე საუბარი არ ყოფილა. იქნებ არც აღმოჩენილიყო არავითარი ნავთობი. თუმცა აფხაზეთში ვერ იპოვით ასეთ გულუბრყვილო ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება დაეჯერებინათ “როსნეფტის” მხრიდან ასეთი ქველმოქმედება, რომ მზად იყო ათეულობით მილიონი დოლარი დაეხარჯა უბრალო მოძიებით სამუშაოებზე.

იმავდროულად ისმოდა მოპოვების მომხრეთა გუნდის ხმა – როგორც წესი, პირდებოდნენ ხალხს ოქროს გორაკებს და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მსგავს ცხოვრებას, თითოეულ ახალდაბადებულ მოქალაქეზე საბანკო ანგარიშების გახსნას და ა.შ. გულმოდგინე ნაციონალისტები ფეისბუკში იმაზეც წერდნენ, რომ მოგება მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებს შორის გაენაწილებინათ.

პოლიტიკურ ველზე ამ ყველაფერს სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. სწორედ რაულ ხაჯიმბა და არტურ მიქვაბია, როცა ისინი ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, საშინელ მდგომარეობაში აყენებდნენ 2014 წლის მარტში მთავარ ეკოლოგ რომან დბარს, რომელსაც დავალებული ჰქონდა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ ნავთობის მოპოვება არ უქმნის საფრთხეს აფხაზეთის ეკოლოგიას. ისინი აცამტვერებდნენ ეკოლოგის ყველა არგუმენტს და დაჟინებით ითხოვდნენ აფხაზეთში ნავთობის მოპოვების აკრძალვას.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გავეოცებინე ამ კვირაში იმ ამბავს, როცა წავიკითხე ოთხი ორგანიზაციის განცხადება, რომელთა შორის იყვნენ  “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი”, რაულ ხაჯიმბას პარტია, ასევე, მისი ერთგული მომხრეები ვეტერანთა ორგანიზაციიდან “არუაა”, რომელსაც შეუერთდა აფხაზეთის სახალხო პარტია და ვეტერანთა ორგანიზაცია “აბააში”. თითქოს არ იყო უარყოფა აფხაზეთში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ წინა განცხადებებისა, მაგრამ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოვიდნენ მოწოდებით, არ გააფუჭონ “ხელსაყრელი პოლიტიკური ფონი”, რაც აუცილებელია “უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტების შესათანახმებლად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების განვითარების პროცესში”. უფრო მეტიც, ბაღაფშ-ანქვაბის გუნდების კვალზე, პროსახელისუფლებო პოლიტიკოსები და ვეტერანები აცხადებდნენ, რომ “დღეს არ არსებობს რეალური ნიშნები, რაც ცხადყოფდა ჩვენს ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროცესში იმედგაცრუებას”.

კარგად მესმის, რომ ნავთობის მოპოვების საკითხი იმ პირობებში, როცა რუსულ-აფხაზური შეთანხმება ამასთან დაკავშირებით უკვე ხელმოწერილია, უკიდურესად დელიკატურია. “როსნეფტი” – სახელმწიფო ნავთობგიგანტი არ არის უბრალოდ რაღაც რუსული კომპანია, რომლის “გადაგდებაც” შესაძლებელი იქნებოდა კონტრაქტის ჩაშლით.

ამასთან, ეს თემა მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის შიდა პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში. არაფერია ოპოზიციისთვის იმაზე უფრო ხელსაყრელი, როგორიცაა ხელისუფლების დადანაშაულება არათანმიმდევრულობაში, დაპირებების შეუსრულებლობაში. საპარლამენტო არჩევნების თარიღი კი აფხაზეთში ცხრა მთას იქით არ არის.


სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაულ ხაჯიმბა ახლა არ არის მარტივ სიტუაციაში. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება მას ხელს არ აძლევს, მაგრამ მისთვის ასევე არამომგებიანია პოპულისტის როლში ყოფნაც, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი პრინციპული პოზიციის დაცვა ნავთობის მოპოვების საკითხზე.

საერთო ჯამში, ნათელია, რომ თუკი არჩევანი იქნება გასაკეთებელი, მაშინ პრიორიტეტული რუსეთთან ურთიერთობა იქნება. რადგან რაულ ხაჯიმბამაც იცის, რომ ნავთობის მოპოვების გამო ქუჩაში არავინ გამოვა. ამგვარად, ეკოლოგიაზე მზრუნველი მოქალაქეები ამ ეტაპზე ნავთობზე დაბალი ფასების იმედზე უნდა დარჩნენ, რაც ნავთობის მოპოვებას არარენტაბელურს ხდის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი