ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თვითმმართველობის არჩევნები, პასიური კანდიდატები და ამომრჩეველთა მოლოდინი ყარაბაღში

27 აგვისტო, 2015 • • 1273
თვითმმართველობის არჩევნები, პასიური კანდიდატები და ამომრჩეველთა მოლოდინი ყარაბაღში

ცესკოს მონაცემებით, 13 სექტემბრის არჩევნებში რესპუბლიკის მასშტაბით არსებული 143 თემის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 239 კანდიდატი იბრძოლებს. ამას გარდა, 98 თემში უხუცესთა საბჭოს 1022 წევრია ასარჩევი და ზუსტად ამდენივე კანდიდატია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საარჩევნო უბნებში უალტერნატივო არჩევნები ჩატარდება.  

 

პასიურ საარჩევნო გარემოზე მეტყველებს, ასევე, ცესკოს მონაცემები რეგიონების მიხედვით. მაგალითად, ასკერანის რაიონში სულ 24 თემია და ნახევარზე მეტში, ანუ 13 თემში მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი იყრის კენჭს, 9 თემში – 2-2 კანდიდატი და მხოლოდ 2 თემში – 3-3 კანდიდატი.

 

ანალოგიური ვითარებაა გადრუტის რაიონში, სადაც 19 თემი შედის და 13 მათგანში მხოლოდ თითი-თითო საარჩევნო კანდიდატია, ოთხში – 2-2 კანდიდატი და ორში – 3-3 კანდიდატი.

 

პასიური საარჩევნო კამპანიაა სხვა რაიონებშიც – მარტუნინის, შუშის, შაუმიანისა და კაშათაგის რაიონებში, სადაც ძირითადად სულ თითო-თითო საარჩევნო კანდიდატია რეგისტრირებული.

 

შედარებით კონკურენტული გარემოა მარტაკერტის რაიონში, სადაც თემთა უმრავლესობაში 2 ან 3 კანდიდატი დარეგისტრირდა და თითოეული მათგანი თემის ხელმძღვანელად შესაძლოა სულ რაღაც 30 ხმით აირჩიონ.

სტეპანაკერტი
სტეპანაკერტი

 

დედაქალაქის მერობის კანდიდატები და მათი საარჩევნო დაპირებები

 

სტეპანაკერტში მერის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი მერი სურენ გრიგორიანი, რომელიც “დემოკრატიული პარტიის” წევრია, და არის გრიგორიანი, “კომუნისტური პარტიის” წარმომადგენელი.

 

მოქმედმა მერმა თავისი წინასაარჩევნო პორგრამა 6 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა, მაშინ, როცა მისმა ოპონენტმა მხოლოდ 250 ბუკლეტის დაბეჭდვა მოახერხა.

 

დედაქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებში სურენ გრიგორიანი გაიმარჯვებს, რადგან მათი აზრით, მოქმედ მერს “კომუნისტი” ოპონენტი კონკურენციას ვერ გაუწევს. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოქმედი მერის ხელახლა არჩევა, რათა მან დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს, როგორიცაა – მშენებლობა, უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის შექმნა, გზების კეთილმოწყობა და ა.შ.

 

სტეპანაკერტში ჩვენ 30-მდე ადამიანი გამოვკითხეთ და, როგორც გაირკვა, მათი უმრავლესობა ძირითად პრობლემად საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ასახელებს. ბევრი მათგანი უკვე მრავალი წელია ბინის რიგშია და მანამდე დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ, ზოგს კი ქირის გადახდა არ შეუძლია, რადგან სტაბილური სამუშაო ადგილი არ გააჩნიათ.

 

გამოკითხულთა ნაწილი პრობლემად მიიჩნევს გზების არასახარბიელო მდგომარეობას და კანალიზაციის უქონლობას დედაქალაქის გარეუბნებში.

 

ბევრმა რესპონდენტმა ძირითად პრობლემად სოციალურ-ეკონომიკური საკითხები დაასახელა, რომელთა მოგვარება სცდება მერის კომპეტენციას, თუმცა ფიქრობენ, რომ აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც გაზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას.

 

რას მიიჩნევენ ყველაზე მეტად პრობლემატურად თავად მერობის კანდიდატები და როგორ აპირებენ მათ მოგვარებას? – ამის გასარკვევად ორივე კანდიდატს გავესაუბრეთ.

 

სურენ გრიგორიანი ფიქრობს, რომ პრიორიტეტულია ურბანული განვითარების საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტა, კერძოდ: ქალაქის გენერალური გეგმის დაზუსტება, ქალაქის ცენტრალური ნაწილის დეტალური პროექტის შემუშავება, ქალაქის გაფართოება და განვითარება სამი მიმართულებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით.

 

“ამ წლების მანძილზე ჩვენ სრულად გადავწყვეტთ დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების საკითხს. ახლა ჩვენ წინაშე დგას ახალი საკანალიზაციო სისტემების მშენებლობისა და რეკონსტრუქიის ამოცანა, ასევე, ახალი სკოლამდელი დაწესებულებების გახსნის საკითხი”, – განაცხადა გრიგორიანმა.

 

მეორე კანდიდატი, არის გრიგორიანი პრიორიტეტულად მიიჩნევს, რომ შეიმუშაოს პროგრამა, რომელიც არ დატოვებს მონოპოლიის ადგილს სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის წარმოებისა და მოსახლეობის მომარაგების სფეროში. მისი აზრით, აუცილებელია სახელმწიფო მონოპოლიის დამყარება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციაზე.

 

ამას გარდა, არის გრიგორიანი ფიქრობს, რომ აუცილებელია საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, რადგან, კანდიდატის თქმით, აუცილებელია საშუალო ფენის ფორმირება, რომელიც მოახდენს იმ რეალობის ლიკვიდაციას, როცა არსებობენ მოსახლეობის ძალიან მდიდარი და ძალიან ღარიბი ფენები.

 

“საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გზით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ როგორც სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა”,  – განაცხადა არის გრიგორიანმა.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც “კომპარტიის” წარმომადგენელი გეგმავს, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის რესპუბლიკური პროგრამის შემუშავება:

 

“ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს ბევრმა მათგანმა დასვა სწორედ საცხოვრებლის საკითხი. ჩემი მოღვაწეობის საფუძველი იქნება შესამჩნევი სხვაობის აღმოფხვრა დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის”.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 81 მლნ 941 ათას 200 დრამია  გამოყოფილი.

 

პირველად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში 1998 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა, შემდეგ კი, 2001 წელს, 2004 და 2007 წლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აღნიშნულ პერიოდებში 61-დან 65%-მდე ამომრჩეველი მონაწილეობდა და ძირითადად იმარჯვებდნენ ოთხი პარტიის  (“დემოკრატიული პარტია”,  სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნი, თავისუფალ სამშობლო და “კომუნისტური პარტია”) მიერ წარდგენილი კანდიდატები.

 

სავარაუდოდ, წლევანდელ არჩევნებში გაცილებით დაბალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა, განსაკუთრებით- სოფლებისა და რაიონების დონეზე.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი