ახალი ამბები

პესტიციდებიანი წყალი და არაინფორმირებული მოსახლეობა კაზრეთში

8 სექტემბერი, 2014 • 2424
პესტიციდებიანი წყალი და არაინფორმირებული მოსახლეობა კაზრეთში

სეს-ის [სურსათის ეროვნული სააგენტო] გავრცელებული ინფორმაციით, დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ, ხოლო  დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.

 

ლაბრატორიული კვლევის შედეგები  უკვე  24 აგვისტოს გახდა ცნობილი, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე 29 აგვისტომდე არ გამოქვეყნებულა.

 

სეს-მა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამიტომაც ამ კორპუსების მოსახლეობას ურჩია არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.

 

“ნეტგაზეთი” 4 სექტემბერს დაინტერესდა, თუ რამდენად ინფორმირებული იყო დაბა კაზრეთის მოსახლეობა და სიტუაციაში გარკვევა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართებზე სცადა.

 

როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივები არ არიან ინფორმირებული და ამ ხნის განმავლობაში წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ისე საკვების მოსამზადებლად. აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა კითხვაზე, ფლობდნენ თუ არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სინჯების შესახებ ინფორმაციას, ყველა მათგანი პასუხობდა, რომ – არა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართებზე მოსახლეობამ არ იცის, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართებზე მოსახლეობამ არ იცის, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში მცხოვრები, ბადრი მუჯირიშვილი, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც აიღო წყლის სინჯი მისი ბინიდან, თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ მისთვის არავის უცნობებია:


“ავიღებთ და ვნახავთ, როგორ და რა იქნებაო. მეტი არაფერი არ ვიცი. ლაბორატორიული შედეგების შესახებ არავის არაფერი უთქვამს. რა თქმა უნდა, ამ წყალზე ვართ დამოკიდებული და ამას ვიყენებთ ყოველთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.”

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სინჯების აღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მაცხოვრებლები.

 

“ჩვენთან არავინ მოსულა გასაფრთხილებლად და არც ინტერნეტის საშუალებით გაგვიგია რამე. ყარაბულახის წყალი 40 წელია მოგვეწოდება და არასდროს ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვქმნია,” – ამბობს I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრები ლეილა ბასიტაშვილი.

 

ვის უნდა გაეფრთხილებინა დაბა კაზრეთის მოსახლეობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მისამართებზე წყალი სასმელად არ გამოეყენებინათ, ამ კითხვაზე სურსათის ეროვნულ საგენტოში განგვიცხადეს, რომ მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უნდა ზრუნავდეს.

 

“ჩვენი ფუნქცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირება. პირველ რიგში, ჯერ ისინი იყვნენ ინფორმირებული. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რომ მოსახლეობამ წყალი არ მიიღოს სასმელად. ჩვენი კომპეტენცია ამ შემთხვევაში ამოიწურება მხოლოდ ინფორმირებით ყველა იმ საშუალებით, რაც გვაქვს და საჯაროს ვხდით ინფორმაციას. მათ შორის, ჩვენი პირველად დასაყრდენი არის არა სოციალური ქსელი და ვებ–გვერდი, რომელსაც ალბათ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი ვერ ნახავს, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მერე, რომ მოსახლეობამ არ მიიღოს არაკეთილსაიმედო სურსათი, მათ შორის – წყალი. ჩვენი ფუნქცია არის სასმელი წყლის უვნებლობის დადგენა. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ წყალი დაბინძურებული იყო. სურსათის კვლევას როცა ვატარებთ, იმ შემთხვევაში, თუკი მავნებელია, ჩვენ თვითონ ვანადგურებთ და შესაბამის სანქციებსაც ვაწესებთ. წყალკანალი და წყალმომარაგება არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში. ჩვენი ფუნქცია იქ იწურება, რომ შევამოწმებთ და მათ ვაცნობებთ,” – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

 

თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, დავით შერაზადაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ლაბორატორიულ კვლევის შედეგებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია მდინარე ყარაბულახში პესტიციდები მოხვედრილიყო.

 

“პესტიციდი არის სასუქი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. იქ არანაირი კავშირი არ აქვს არც სასუქს, არც სოფლის მეურნეობას, არც მიწაა მოსახნავი და არც მოსავალი მოჰყავთ, რომ სასუქი ვინმემ გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ წყლის სათავეები დახურულია, რომელსაც დაცვის სამსახური აკონტროლებს, ფიზიკურად შეუძლებელია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ერთი წყალი მიეწოდება დმანისსაც, კაზრეთსაც, ბოლნისსაც და კაზრეთში აღმოჩნდა [პესტიციდები] ე.ი. რომელიღაც ორ კორპუსში და ბოლნისში არ აღმოჩნდა… ეს არის წარმოუდგენელი ამბავი.”

 

შარაზადაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური წერილით რეკომენდაცია 4 სექტემბერს გაუგზავნა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. როგორც ბოლნისის სერვის ცენტრში განაცხადეს, წყალმომარაგების კომპანიამ კაზრეთში სასმელი წყლის ხელახალი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, თუმცა კვლევის შედეგების ნახვის უფლება “ნეტგაზეთს” არ მისცეს.

 

ბოლნისის წყალმომარაგების სერვის ცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი აცხადებს, რომ დაბა კაზრეთში წყალი არ არის დაბინძურებული. მისი თქმით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა და სასმელი წყალი უვნებელია. ხოლო როდის გახდება კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი, ზუსტად ჯერჯერობით არავინ იცის.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დაბა კაზრეთში ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება სასმელი წყლის გამო, ვინ იქნება პასუხისმგებელი, გია ყიფიანი გვპასუხობს:

 

“შეიძლება, ვიღაცამ რაღაცა ჩაუყარა და მოწამლა. მაგაზე მე როგორ ვიქნები პასუხისმგებელი? მანდ მოწამლული ადამიანი მე არ მინახავს. 70 წელია სვამს მაგ წყალს ხალხი და პრობლემა არ შექმნიათ. რატომ არის განგაში ატეხილი, ჩემამდე ვერ მოდის. მე, მაგალითად, არ მჯერა. მომკალი და არ მჯერა.”

 

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე აცხადებს, რომ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დღემდე არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია.

 

“ისინი აცხადებენ, რომ წყალი უსაფრთხოა, თუმცა ეს უნდა იქნას დოკუმენტურად დადასტურებული. მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს დილამდე [4 სექტემბრამდე]მათ არც ერთი კვლევა არ ჰქონიათ ჩატარებული. ორშაბათს თავად გახლდით გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში და შევხვდი მათ წარმომადგენლებს, თუმცა შემდგომში იმისთვის, რომ დეტალურად ყოფილიყო შესწავლილი ეს საკითხი, ჩვენს მიერ განმეორებით მოხდა წყალმომარაგების ქსელებში სინჯების აღება და გადაეცა ლაბორატორიებს კვლევისათვის.”

 

დაბა კაზრეთის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევის შესახებ ინფორმირებული არიან. მორიგე ექთნის, მზია ვათიაშვილის თქმით, სასმელი წყლით მოწამლული პაციენტები უკანასკნელი კვირის განმავლობაში არ მიუღიათ.

 

სურსათის უვნებლობის სააგენტო აცხადებს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებით წყალში პესტიციდების აღმოჩენილი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ  პესტიციდების ის შემცველობა, რომელიც გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში.

 

“პესტიციდების რაოდენობა ზღვრულად დასაშვებზე მეტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მოხდება. ხანგრძლივად თუ მიიღებს ადამიანი, მაშინ შეიძლება სტიმულაცია მოხდეს ამისი, მაგრამ ისეთი, ერთი ან ორი ჭიქა რომ დალიო, უცებ არაფერი არ მოუვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ დროს განსაკუთრებული საშიშროება არ არსებობს. ამ შემთხვევაში მაინც გააჩნია, რომელი პესტიციდი იყო. სხვადასხვა პესტიციდს სხვადასხვა გამოვლინება აქვს. პესტიციდების საწყობში თუ რაღაცა გასკდა უცებ და ბევრი ერთად შეისუნთქე ან შეჭამე, მაშინ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა. როცა პესტიციდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს, ის მწვავე მოწამვლას არ იწვევს ხოლმე,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა.

 

სასმელი წყლის რა ალტერნატივას შესთავაზებს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას,  რომელსაც სეს-ი ურჩევს, რომ არ გამოიყენო წყალი პრობლემის აღმოფხვრამდე, უცნობია, რადგან მუნიციპალიტეტი საერთოდ არ აღიარებს ამ პრობლემას.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სინჯების აღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მაცხოვრებლები. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის სინჯების აღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მაცხოვრებლები. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე


სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართებზე მოსახლეობამ არ იცის, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართებზე მოსახლეობამ არ იცის, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. 04.09.2014. დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი