ახალი ამბები

საგარეო უწყება: რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესს ვერ მივაღწიეთ

23 ნოემბერი, 2014 • • 1328
საგარეო უწყება: რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესს ვერ მივაღწიეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რაც “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.


საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილია და არასოდეს შეეგუებიან ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

 

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან”, – აღნიშნავს საგარეო სამინისტრო. 

 

უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ “რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს” მოჰყვეს რეაგირება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე.

 

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხების შესახებ გვექნება საუბარი მომავალ კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, აგრეთვე, დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი