კომენტარი

თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო მსხვერპლები ხდებიან

2 დეკემბერი, 2014 • • 1663
თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო მსხვერპლები ხდებიან

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობოებთან ერთად შეიმუშავა, გათვალისწინებული იყო ჯარიმები, რაც კანონის საბოლოო ვერსიაში აღარ დარჩა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ცვლილებამ კანონს აზრი დაუკარგა და როგორ წარმოგიდგენიათ ეფექტურად მუშაობა ასეთი კანონის პირობებში?

 

უკვე მიღებულია კანონი და კანონი იმ ფორმით მოქმედებს, რაც დღესაა. ვერ ვიტყვი, რომ დაჯარიმების უფლების ჩამორთმევამ კანონს აზრი დაუკარგა. მასში ჩადებულია უამრავი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სახალხო დამცველს, იყოს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კარგი ინსტიტუტი. თუმცა კანონს გააჩნია სხვა ხარვეზები, რომლის დახვეწაზეც ჩვენ ვმუშაობთ და რომლის შესახებაც საკანონმდებლო წინადადებას წარვადგენთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, არსებულიყო სახალხო დამცველის მიერ დაჯარიმების უფლება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ რადგან აღარ არსებობს ჯარიმები, ამ ინსტიტუტის არსებობასაც აზრი დაეკარგა, არ იქნება სწორი, რადგან კანონში არსებობს სხვა უამრავი მექნიზმი.

 

მაგალითად, რა მექანიზმები?

 

მაგალითად, სახალხო დამცველს უფლება აქვს გამოითხოვოს საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაცია, ისინი ვალდებულნი არიან, რომ 10 დღის ვადაში მიაწოდონ ინფორმაცია; ამავე დროს, როდესაც სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თუ საჯარო დაწესებულება ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს, სახალხო დამცველს უფლება ექნება, რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება, ან კონკრეტული ქმედების განხორციელება. ეს ძალიან კარგი მექანიზმია, მაგრამ ეს არ არსებობს კერძო პირების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არის ხელშემშლელი გარემო და ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ საკანონმდებლო წინადადებების სახით.

 

თქვენი საკანონმდებლო ცვლილებები რას გულისხმობს, რომლითაც ხელახლა მიმართავთ პარლამენტს?

 

ორ ეტაპად გვინდა ჩვენ საკანონმდებლო წინადადებების წარდგენა, მაგრამ ამის შესახებ არ მინდა, რომ ჯერ დაიწეროს. როდესაც ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციებს, მოვითხოვთ თუ არა დაჯარიმების ინსტიტუტის ჩადებას, ამ წუთას ვერ გეტყვით. ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, შევისწავლით უცხო ქვეყნების გამოცდილებას, პრაქტიკას და ჩვენ პრაქტიკასაც გავაანალიზებთ, რა სიტუაციაა დღეს საქართველოში, რისთვის ვიქნებით მზად, რა არის უკეთესი იმისათვის, რომ დისკრიმინაცია გამოსწორდეს, სად არის პრობლემები, რომ ეს პრობლემები გამოვასწოროთ.

 

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად კანონპროექტზე მუშაობაში, იქნებიან თუ არა ჩართულნი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებში?

 

შესაძლებელია, რომ მათაც შევატყობინოთ, თუმცა სამუშაო პროცესში რამდენიმე დეპარტამენტი ვმუშაობთ.

 

ასევე, მინდა გკითხოთ იმ დავაზე, რომელიც უკვე კანონპროექტის პარლამენტში განხილვებს მოჰყვა, საუბარი იყო, ჩამონათვალიდან ამოეღოთ გენდერული და სექსუალური იდენტობა და ის “და სხვა” კატეგორიაში გადასულიყო, თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა ეს მიდგომა?

 

მე ვფიქრობ, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა აუცილებლად უნდა იყოს ჩამონათვალში. საქართველოში, ვიცით, რომ ადამიანები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ხდებიან მსხვერპლები. იმ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ შეგრძნება, რომ კანონი მათ იცავთ არა “და სხვა” ნიშნით, არამედ კონკრეტულად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. კანონის დაზუსტება და დაკონკრეტება ყოველთვის ძალიან კარგია, ზოგადი ჩანაწერი იწვევს გაურკვევლობას, დგება მისი ინტერპრეტაციის პრობლემა, ამიტომაც, რაც უფრო ზუსტია კანონი, მეტი დაცვის შეგრძნებას და გარანტიას აჩენს.

 

როდესაც ამ ტერმინებზე მიდიოდა კამათი, ამ განხილვაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, უნდა მიეღოთ თუ არა მათ ამ განხილვებში აქტიური მონაწილეობა? როგორ უყურებთ ამ საკითხს? მაგალითად, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ აჯერებს პოზიციებს ყველა მხარესთან, რამდენად წარმოსადგენია პოზიციების შეჯერება იმ ადამიანებთან, რომლებიც 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორები იყვნენ, ისე, რომ განსხვავებული სექსუალური და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების ინტერესები იყოს გათვალისწინებული მაღალ დონეზე?

 

იქიდან დავიწყოთ, რომ განხილვა პარლამენტში საჯაროა და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება წარადგინოს და რეკომენდაციები. მე ვიცი, რომ მათ პოზიციები ჰქონდათ წარდგენილი და მიეცათ შესაძლებლობა ამის წარმოჩენის. მე იმას ვერ შევაფასებ, რამდენად სწორი იყო, იმიტომ, რომ მე არ ვარ პარლამენტის წევრი, ეს საკითხი შევაფასო.

 

მაკა გიოშვილი
მაკა გიოშვილი

 

მხოლოდ საპარლამენტო განხილვები არ ყოფილა, რომელშიც მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, ამას გარდა საპატრიარქოში მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, იგივე ბესელია მივიდა პატრიარქთან კონსულტაციებისთვის.

 

მე მაგას ვერ შევაფასებ, რადგან ჩემ კომპეტენციაში არ ჯდება მაგ საკითხების შეფასება.

 

17 მაისთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებთ ამ დღეს, დაირღვა თუ თუ არა ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება და თვლით თუ არა, რომ ეს იყო ყველაზე მძაფრი დისკრიმინაცია, რაც ბოლო დროს მოხდა?

 

ამ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რამდენად მძაფრი იყო, რამდენად არა. უფლების დარღვევა, რა თქმა უნდა იყო, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია განხორციელდა.

 

ამ დროისთვის რა ვითარებაა აპარატში? რამდენი განცხადებაა? და რას ეხება ეს განცხადებები?

 

როდესაც კანონი ძალაში შევიდა, იქიდან მოყოლებული დაახლოებით 40-მდე საჩივარი შემოვიდა, ზოგიერთ მათგანში დისკრიმინაცია არ იკვეთებოდა, შემდგომში რეაგირებისთვის სხვა დეპარტამენტებს გადაეცათ, ზოგიერთის განხილვა მოხდა, მაგრამ არც დისკრიმინაცია და არც უფლებების დარღვევა არ დგინდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 16 საჩივარი. გვაქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც არის პოლიტიკური მოტივებით და პროფესიული კავშირის კუთვნილების გამო, გვაქვს დისკრიმინაცია სამსახურში მუშაობის დროს. ზოგიერთი მათგანი მიანიშნებს, სხვა პედაგოგთან მიმართებაში არათანასწორ მდგომარეობაშია პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო, მაგრამ ძირითადად პოლიტიკური შეხედულებებია.

 

ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანს უარი უთხრეს დაწესებულებაში მიღებაზე, რესტორანში შეშვებაზე. ასევე, მათ პოლიციამ შეკრების უფლება არ მისცა. ვერ დავაკონკრეტებთ დეტალებს. შეზღუდული შესაძლებლოებები მქონე პირებთან დაკავშირებით გვაქვს ერთი საქმე, მათ არ ეძლევათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა.

 

კანონში წერია, რომ სახალხო დამცველი ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ამ კუთხით თუ გაქვთ უკვე გეგმა შემუშავებული როგორ იმუშავებთ და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გეგმა?

 

პირველ რიგში, ვფიქრობთ მოვამზადოთ საინფორმაციო ბროშურა, რომელიც გავრცელდება საქართველოს მასშტაბით, ასევე ვგეგმავთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს კონკრეტული რეკლამების შემუშავების გზით, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, ასევე, ჩვენ ვგეგმავთ ჩავატაროთ ტრენინგები. კონკრეტულად ჯერ არ გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობთ მოსამართლეების, ადვოკატების სტუდენტების ჩართვას, ახალგაზრდების და ასე შემდეგ.

 

თქვენ პრაქტიკულად მხოლოდ სარეკომენდაციო სამუშაო შეგიძლიათ გაწიოთ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიმართავთ, მაგალითად, რომელიღაც ადამიანის დისკრიმინაციის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ არ გაითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციას. სხვა რა ბერკეტი გრჩებათ მის წინააღმდეგ, გარდა სასამართლოსი, რომელიც სახალხო დამცველის გარეშეც არსებობდა როგორც ალტერნატივა?

 

ჩვენ სასამართლოს გარდა სხვა მექანიზმი არ გვაქვს, ჩვენი რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ, რომ ეს ქმედება განახორციელოს, ან ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს. შესაძლებელია თუ არა იგივეს გაკეთება სასამართლოზე პირდაპირი მიმართვის გზით? შესაძლებელია, თუმცა აქ დგება მტკიცების პრობლემა, ჩვენ იმ ადამიანს ვეხმარებით, ჩვენ ვატარებთ მოკვლევას მტკიცებულებების გამოთხოვის თვალსაზრისით, მივმართავთ ორგანიზაციებს.

 

თუ გაქვთ რაიმე ახსნა იმასთან დაკავშირებით, რატომ შეცვალა მთავრობამ ასე მკვეთრად იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებული კანონპროექტი? რატომ შეასუსტა თქვენი ინსტიტუტი ასე?

 

მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს პარლამენტის წევრებს უნდა კითხოთ.

 

შეგიძლიათ გვითხრათ, რითაა ეს კანონი უფრო ეფექტური იმ დებულებასთან შედარებით, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია მე-14 მუხლის სახით, სადაც წერია, რომ (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა)?

 

კონსტიტუცია ძალიან ბევრ საკითხს არეგულირებს და მაშინ მხოლოდ კონსტიტუცია უნდა დავტოვოთ და არც ერთი კანონმდებლობა არ უნდა მივიღოთ.

 

კი უნდა მივიღოთ, თუ უფრო ეფექტურ მექანიზმებს გულისხმობს, რითაა ეს კანონი უფრო ეფექტური?

 

კონსტიტუცია ძალიან ზოგადად ადგენს, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია. ეს კანონი ითვალისწინებს, რას ნიშნავს პირდაპირი დისკრიმინაცია, რას ნიშნავს არაპირდაპირი დისკრიმინაცია, პოზიტიური დისკრიმინაცია, როდისაა გამართლებული პოზიტიური დისკრიმინაცია. ის, რომ ადამიანებს უფლება აქვს მიმართოს სახალხო დამცველს, რომელიც განიხილავს ამ საქმეს და რეკომენდაციით მიმართავს, ამის გარდა სახალხო დამცველს შეუძლია ზოგადი წინადადებით მიმართოს  საჯარო დაწესებულებებს და მოუწოდოს დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ. სახალხო დამცველს შეუძლია კონკრეტული წინადადებები შეთავაზოს საჯარო და კერძო დაწესებულებებს, როგორ უნდა უზრუნველყონ თანასწორობა. მას შეუძლია მოიწვიოს ისინი საჯარო განხილვის პროცესში, გამოითხოვოს მათგან სტატისტიკური ინფორმაცია და გაანალიზოს ეს ინფორმაცია და სახელმწიფოს და პარლამენტს შეთავაზოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონკრეტული გზები, ზოგადად კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობაზე უზრუნველყოფის ინსტიტუტის შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი