ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს

20 აპრილი, 2015 • • 1352
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს

ამის შესახებ ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თანხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოხმარდება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებას უკავშირდება.

 

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ფინანსური დახმარება 2015-2017 წლისთვის იქნება გათვალისწინებული და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება.

 

გადაწყვეტილებას ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე რიგის სამიტზე მიიღებენ.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 410-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის გვაქვს გამოყოფილი, გონივრულად დაიხარჯება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილება არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისათვის. თუ თქვენ შეხედავთ შარშანდელ კვოტას, წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ინვესტიცია კონკრეტულად უნდა ჩავდოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში და იმ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ ამაზე დაიხარჯება”-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს 2015 წლის 20 აპრილს ლუქსემბურგში, სადაც გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ევროკავშირი
ევროკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი